მთავარი » 2011 » სექტემბერი » 11 » ალექსანდრე ყაზბეგი-ნამწყემსარის მოგონებანი I დასაწყისი
00:19
ალექსანდრე ყაზბეგი-ნამწყემსარის მოგონებანი I დასაწყისი



18... წელს გარდავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიშით და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლივ თანა სდევს. 

მე თითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე. 

რასაკვირველია, პირველი ჩემი ნაბიჯი ყველამ, განურჩევლად ყველამ მასხარად აიგდო, რადგანაც ამბობდნენ, რომ მებატონეს და მასთან სახელიანი კაცის შვილს უბრალო მეცხვარეობა არ ეკადრებაო, მაგრამ მე ჩემი მიზანი მქონდა, ჩემი სურვილი და ეს იქამდის ძლიერი იყო, რომ არავითარს რჩევას ყური არ ვუგდე; მე მინდოდა მენახა ხალხი, მსურდა გამეგო იმათი სურვილი, მეცხოვრა იმათი ცხოვრებით, ჩემ თავზედ გამომეცადა ის მოთხოვნილება და გაჭირვება, რომელიც უკან სდევს მუშა ხალხს, და რაღა დამაყენებდა შინ! მივაღწიე ჩემს მიზანს, დავუახლოვდი, გავიცან ისინი, ვისიც გაცნობა და დაახლოება ისე გულით მსურდა (თუ როგორ - ჩემის ნაწერების მკითხველებზედ მივაგდებ). აქ კი მინდა გიამბოთ ზოგიერთი ეპიზოდი ჩემის მეცხვარობიდგან და მგონია რომ ეს რაოდენსამე ინტერესს მოკლებული არ იქნება. 

ჯერ კიდევ ზაფხული იყო. ცხვარი არ გაგვეშრო და დედალს ცხვარს მივსდგომოდი მოსაწველად. გზაში შემომხვდა ორი მოხევე, რომლებიც სრულიად არ მიცნობდნენ და ჩაცმულობაზედ კი ვერ გამარჩევდნენ, უბრალო მწყემსი ვიყავ, თუ მთაში სახელიანი კაცის შვილი. 

- ბარაქა შენს ცხორსა! - წამომძახეს იმათ, რაწამს გამისწორდნენ. 

- უფალმა გილხინასთ! - ვუპასუხე მე. 

- ვისია ეგ ცხორი? - მკითხეს. 

მე დავუსახელე ჩემი გვარი. 

- ბეჩაო ჩემო თაო, მართლა იმათ სერია ... დამღაც იმათ მეტს არავისა აქვს, - წარმოსთქვა ერთმა და დაუმატა: - შენ ვიღას ბალღი ხარ? 

- მე არახვეთელი გახლავარ, შენი კვნესამე, - მოვუქციე მთიულურად, - ბურულიან იაკობასი. 

- მოჯამაგირედა ხარ, თუ ცხორი გყავს დაზიარებული? - კიდევა მკითხეს. 

- ცხორი, შენი კვნესამე, - მივეც პასუხად. 

ჩემი თანამგზავრები მომიდგნენ გვერდს და მშველოდნენ ცხვრის გამორეკას. 

- ბალღო, რაი გქვიან? 

- მამუკა, შენი კვნესამე. 

- მართლა, შენი აღა თავად დადის ცხორში? 

- დადის, ლომისის მადლმა! - ვუპასუხე მე. 

- თავად დადის! ? - გაიკვირვეს იმათ. 

- ჰო. 

- საკვირველია, ღვთის მადლმა! 

- რაისთვის? - ვკითხე მე და გულის ძგერით დავუწყე ყურის გდება. 

- აბა, როგორ საკვირველი არაა, ხელმწიფის სწორის კაცის შვილია და ცხორს ასდევნებია! .. აჰუ! - ჩაიქნია ხელი უცნობმა. 

- მერე მანდ ცუდი რა არის?.. ცხორი ჰყავს და თითონ დასდევს. 

- ცუდი?.. ხევის ბატონის შვილი და უბრალო მეცხორე! - გაიკამათა იმანვე. 

- მაგის მამა-პაპასაც ჰყოლია ცხორი, მაგრამ თითონ არ უვლიათ, არა, ღვთის მადლმა, - დაუმატა მეორემ. 

- აბა, ძალიან იკადრებდნენ მეცხორობას! ... სულ ჩინებით სავსე ჰქონიათ ყელ-გული. 

- მაშინ ცხო დრო იყო და ეხლა სხვა, - ვცადე თავის მართლება. 

- ცხო დრო კი არა, უხეირო ყოფილა, თორემ ქვეშეს პრისტავად იქმნებოდა. 

მეტად გული მატკინა ამ სიტყვებმა, რომ კიდევ ლაპარაკი გამეგრძელებინა; წამოვუარე ცხორს და შევფინე მთაზედ, სადაც კიდევ რამოდენიმე ხანი მინდოდა მეძოებინა, რადგანაც მოსაწველად მირეკა ჯერ ადრე იყო. 

ჩემი უცნობები გამომეთხოვნენ და მე კი დავრჩი იმათ სჯით დაღონებული და ფიქრებმა გამიტაცეს. 

წამოვიდა ნისლი და დაიწყო ჟონა; მეც წამოვისხი ყისინა, ბაშლუყა წამოვიგდე თავზედ და ცხვარს დავუდეგ წინ, რათა წინები შემეყენებინა და გაუმაძღრად სირბილის გამო მადიანს ძოვნას არ მოჰკლებოდნენ. 

არ გაიარა რამდენმამე ხანმა, როდესაც შევამცნიე, რომ ორი ვიღაცა კაცი წვერიანები და შტაცკურს ტანისამოსში მოდიოდნენ ჩემკენ. მე გაკვირვებით დავუწყე იმათ ცქერა, რადგანაც თუ მგზავრები იყვნენ, მაშინ იმათი გზა გაღმაზედ უნდა ყოფილიყო და იმ მხარეს ვერ მოხვდებოდნენ, საითკენაც მე ვიყავი. 

ისინი მოვიდნენ ახლოს და მოიმარჯვეს ჯოხები, რადგანაც ჩემი ბასარა ყეფით გაექანა იმათკენ, მაგრამ, რა მე დავუძახე ძაღლს, და ისიც კუდის ქნევით მოვიდა ჩემთან. უცნობებმა ღიმილი დაიწყეს და დამტვრეულის რუსულის ენით ლაპარაკი დამიწყეს: 

- Собак, Собак... Нет кусай... 

- Нет кусай, - ვუპასუხე მეც ამგვარადვე. 

- Баран, баран... - დაიწყო ერთმა, ვეღარ გაათავა, რადგანაც რუსული არ იცოდა და მიუბრუნდა ამხანაგს ფრანცუზულად: - როგორ უნდა ვკითხო, მატყლს სადა ჰყიდიან? 

- მეც არ ვიცი, - ფრანცუზულადვე უპასუხა მეორემ. 

ბოლოს იმათ გააბეს ლაპარაკი მატყლის სიკეთეზედ და უკვირდათ იმოდენა ფარას მთაში როგორ ვათავსებდით. ბოლოს კიდევ მოიწადინეს შეტყობა: სადა ვყიდით მატყლს და რამდენი ფუთის მოგროვება შეიძლება მთაში. 

მე ვლაპარაკობდი ფრანცუზულს, გულმა ვეღარ გამიძლო და ამისთვის ვუპასუხე: 

- მთაში ძალიან ბევრია ცხვარი, ხალხი თითქმის ამითი სცხოვრობს, მატყლს კი აქვე ყიდულობენ სომეხი ვაჭრები. 

წარმოიდგინეთ იმათი გაშტერება, როდესაც რაღაცა უცნაურს და ველურს მთებს შორის, სადაც იმათის შეხედულებით ბარბაროსები სცხოვრობენ, რომელთაც ათზე მეტი თვლაც კი არ იციან, ერთბაშად უბრალო მეცხვარე, უბრალო მთის კაცი ფრანცუზულად ელაპარაკება! 

- როგორ! თქვენ ლაპარაკობთ ფრანცუზულად? ! - გაშტერებით წამოიძახეს ორთავემ ერთად. 

- დიახ, ცოტაოდენს. 

- რას ამბობთ, სად გისწავლიათ?.. არა, ეგ შეუძლებელია! 

მე მომწადდა მათთან ხუმრობა და ამისთვის ვუპასუხე: 

- ჩვენში მწყემსები თითქმის ყველანი ლაპარაკობენ ფრანცუზულად.. მე სხვა ადგილებში ვიყავ მოჯამაგირედ და კიდევ გადამავიწყდა, თორემ სხვებს ვერც კი გამოარჩევთ ფრანცუზებისაგან. 

- რას ამბობთ? ! . აი გასაშტერებელი საქმე! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს: - ჩვენ კი ველურ ხალხად მიგვაჩნია ეს ხალხი! 

კარგა ლაპარაკის შემდეგ, როდესაც ისინი მოიღალნენ და მეც თავი მომაწყინეს ყბედობით, იმათ მთხოვეს საღამოზედ ყაზბეგის სტანციაში, სადაც ღამის გატარებას აპირებდნენ, მივსულიყავ და მეამბნა ჩვენი ხალხის ცხოვრება, ჩვეულება და ხასიათი. ბოლოს მკითხეს: 

- შენ იცი ინგლისი ან საფრანგეთი? 

- ვიცი, - თავის დაქნევით ვუპასუხე. 

- აი ეს ფრანცუზელია, მე ინგლისელი, - მიჩვენა ერთმა და დაუმატა: - რასაც შენ გვიამბობ, ჩვენ ქვეყანაში წიგნებში ჩავწერთ და ყველანი წაიკითხვენ... მოდი უთუოდ, - დაუმატეს იმათ, - ფულებსაც გაჩუქებთ. 

- მადლობელი ვარ, გეახლებით, - ვუპასუხე. 

ფრანცუზმა გაივლო ჯიბეს ხელი, ამოიღო მანეთიანი და გამომიშვირა: 

- აჰა ეს ბეითა გქონდეს საღამომდინ და საღამოზედ კიდევ გაჩუქებთ. 

- გმადლობთ, - ვუთხარ დარცხვენით და გავწითლდი. - საღამოზედ გეახლებით და მაშინ მიბოძეთ. 

- გამოართვი, ნუ გრცხვენიან. 

- საღამოზედ, ბატონო. 

- მაშ კარგი, საღამოზედ იყოს. - მიპასუხა იმან და ორნივ გამომესალმნენ, მეც გავიბრუნე ცხვარი ჩვენი სოფლისკენ და წყნარ-წყნარად გავრეკე. 

საღამოზედ ჩემი ამხანაგი მწყემსი „ჩამომიდგა", რადგანაც ის დაბრუნებულიყო მთიდგან, სადაც „მშრალს ცხვარს" მარილი წაუღო, იმას მოსდევდა მეორე ბიჭი, რომელიც ყოველღამ საყარაულოდ ჩამოგვეშველებოდა ხოლმე. 

- მოხვედით მშვიდობით, - მივესალმე მოსულებს. 

- მშვიდობა მოგცეს უფალმა. 

- ცხორი როგორ არის? ! .. - ვკითხე მთიდგან ჩამოსულს. 

- აბა რაი უჭირს? ! .. ბატკანი ყოველ დღე ყირვანზედ გაჰყავთ მწყემსებსა და ეგრე თამაშობენ, რომ რაღა გითხრა... ძალუმ დაკეთებულა... 

- ბალახი როგორიღაა? 

- უჰ! - მოწონების ნიშნად წამოიძახა იმან: - ბალახს რაიღა კითხვა უნდა, ცხორი კიტრსავით დაურგვალებია... მართლა, ქალბატონმა შემოგითვალა: ერთს წუთს აქ ამოდიო. სტუმრები მოგვივიდაო. - დაუმატა იმან. 

- ვინ სტუმრებია? - ვკითხე მე. 

- აბა რაი ვიცი, ქალაქიდან მოვიდნენ, აფიცრებია რაიმე. 

- ქალებიც არიან? 

- არიან. 

- აბა, მაშ მე წავალ და როგორც თქვენი იმედი მქონდეს, კარგა ყური უგდეთ, ცხორი არ დაგისხლტესთ. 

- ფიქრი ნუ გაქვს, ცხორს არას გავუჭირებთ. 

მე გამოვესალმე, გადუსვი ხელი ჩემს ერთგულს ძაღლს, რომელიც ცხვარს ისე შესჩვეოდა, რომ მოშორება ვერ მოეხერხებინა, და გავწიე შინისაკენ. 

რადგანაც საღამო ჩინებული იყო და მთვარიანი, ყეელანი პატარა ბაღჩაში გამოსულიყვნენ და ჩაის მიირთმევდნენ. მხიარულს სიცილზედ და ლაპარაკზედ შევატყვე, რომ ისინი სასიამოვნო სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ და რამდენიმე ფეხის გადადგმის შემდეგ გავარჩიე, რომ ერთი ჩემი ახლო ნათესავი ერია იმათში. მე ავჩქარდი იმათ ნახვას, რადგანაც დიდი ხანი იყო, რაც არ მენახა, და მოხუცი ნათესავი კი მამი-ჩემის მეგობარი გახლდათ. მინდოდა ტანისამოსი გამომეცვალა და ისე მივსულიყავ სტუმრებთან, მაგრამ იმათ თვალი მომკრეს და დამიწყეს ძახილი. მე ბოდიში მოვიხადე და მივედ; მართლაც რა მოსარიდი იყო ტანისამოსი ნათესავებთან? მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როდესაც ასვლის უმალ, ჩემი მოხუცი ნათესავი დამხვდა შემდეგის სიტყვებით: 

- იფ, იფ! .. დამიხედეთ მთის მებატონის შვილს! 

მე გაშვერილი ხელი ისე დამრჩა და მოხუცს გაშტერებით დავუწყე ყურება. ჩემი ყმაწვილი ნათესაობაც იქვე ახლოს მიკუნჭულიყვნენ და ჩუმად იცინოდნენ. 

- არა გრცხვენიან? ნამუსი აღარ გაქვს?.. - მეუბნებოდა გაცხარებული მოხუცი. 

- რადა მლანძღავთ, ბატონო! რა დამიშავებია? - ძლივს მოვახერხე სიტყვა. 

- კიდეც რომ კითხულობს?.. ბიჭო! მამაშენი მეცხვარედა გზრდიდა? მაგისთვის დახარჯა შენი წონა ფული?.. თუ მეცხვარეობა გინდოდა, შე ჩემო ცოდვით სავსე, ან რუსეთს რაღად მიდიოდი, ან ფულს რაღად ხარჯავდი?.. მიებარებოდი ჩემს სარქალს და ასეთს მეცხვარეობას გასწავლიდა, რომ უკეთესი აღარ იქნება! .. 

- მამაჩემი სცხოვრობდა ისე, როგორც თითონ ესიამოვნებოდა და მეც ჩემს სიამოვნებაზედ მინდა ვიცხოვრო. - წყენით ვუპასუხე და შევატყვე ჩემს თავს, რომ მთლად ავენთე. 

- ხალხში გავიდა, იმათ დაახლოება უნდა, კნიაზო! - წამოტყვრა ერთი ყმაწვილი აფიცერი და გაიღიმა. 

- ხალხში მინდა გარევა და დაახლოვება, თუ არა, ეგ თქვენს ჭკუას არ ეკითხება, - ვუპასუხე მე და დავუმატე: - მაგრამ იმას კი გეტყვით, სიტყვების რახარუხს მე მეცხვარეობა მირჩევნიან, საქმე მაინც არის. 

მე გავბრუნდი შინისკენ და, სანამ ოთახში შევიდოდი, მომდიოდა გაშმაგებული მოხუცის ყვირილი და ყმაწვილი ხალხის სიცილი; მოხუცი ყვიროდა: 

- რის ხალხის დაახლოვება, რის ხალხში გასვლა! თქვენ ისა ბრძანეთ, რომ ეხლანდელი ხალხი გამოუდეგარნი არიან, არაფრისათვის ვარგიან, ვერაფრისთანას ვერ გააკეთებენ. 

აფიცერი კი ჭიჭინებდა: 

- მაგას რად ბრძანებთ? მარტო ერთის მაგალითით რად ადგენთ სხვებზედაც აზრს?.. ჩვენმა ნათესავმა მხოლოდ იმიტომ დაიწყო მეცხვარეობა, რომ თავის გამოჩენა უნდა; სხვებიც ხომ აგრე არ არიან? 

- დიდი თავის გამოსაჩენია მეცხვარეობა, სწორედ მოგახსენოთ... - უკანასკნელად გავიგონე მოხუცის სიტყვები და შევიხურე კარი. 

ერთის მხრით ლანძღვა იმიტომ, რომ იმათ გაკვეთილს ბილიკზედ არ მივდიოდი და მიზნად არ გამეხადა „ჩინი და პატივი"; მეორე მხრით ლანძღვა იმისათვის, რომ განუწყვეტლივი ჭრიჭინის მაგივრად ძნელი საქმისთვის მომეკიდნა ხელი, და მესამე მხრიდგანაც - უნდობლობა, რადგანაც იმ ხალხს, ვისაც გულით ველტოდი, ვერ წარმოედგინა კაცი, რომელსაც იმათი ცარცვა შეეძლო და ცარცვის მაგივრად იმათთან ერთად მუშაობას და ძმობას აპირებდა! 

ასე დაიწყო ჩემი მეცხვარეობის დებიუტი, რა ხელობაშიაც შვიდი წელიწადი გახლდით და რაც ვნახე, გავიგონე და ვიგრძენ, შემდეგიდგან დაინახავთ. 



II 


მოვიდა შემოდგომა. მწყემსებმა და დანარჩენმა ხალხმა ნახეს, რომ მთელი ზაფხული მთაში ცხვართან გავატარე, ნახეს, რომ არც სახლი, არც კარი მქონია იქ და, როგორც უმეტესობა მოელოდდა, არც შაქარსავით დავმდნარვარ, არც მომწყენია და არც ავად გავმხდარვარ, თუმცა კი ბევრი შხაპუნა წვიმა დამდენია თავზედ. ყველანი წყნარ-წყნარად დარწმუნდნენ, რომ გულით გამოვეკიდე ამ საქმეს და ადვილად თავს არ დავანებებდი. ამ ხნის განმავლობაში მე დავუმეგობრდი რამდენსამე მეცხვარეს და ყველაზედ მომეტებულად ერთს სტეფანწმინდის მცხოვრებს სვიმონა გიგაურს, რომელიც პირველსავე შეხვედრის შემდეგ მაკვირვებდა თავის მოსაზრებით და ჭკუის გამჭრიახობით. 

სვიმონა სწორედ წარმომადგენელი იყო ნამდვილი მთის მეცხვარეებისა. მარდი, გონიერი, სამართლიანი, რომელიც უბრალო ჭიასაც არ აწყენინებდა, მაგრამ, თუ უსამართლობას ნახავდა, იმის გული აიმღვრეოდა ჯავრით და ყოველს ღონისძიებას ხმარობდა, გადასახდელად საშუალება ეპოვნა.

ლამაზი, ტანადი, სამართლიანი და ყმაწვილი სვიმონა ყველასაგან საყვარელი იყო, ყველას ჰსურდა იმისი „ნამგალაობა" და, რასაკვირველია, ასეთი კაცი ჩემთვის სხვაზედ მეტად ფასობდა; იმის გამოცდილება და ცხვრის ხელის შეწყობა ხომ ხევში სამაგალითოდ იყო გამხდარი. 

როგორც ზევითა ვთქვი, მოვიდა შემოდგომა, მაგრამ მე ნამგალა ვერ ავიჩინე და ვერ ავიჩინე! სწორედ უნდობლობა იყო მიზეზი და გადავწყვიტე, მარტოდ ჩემის მწყემსებით წავსულიყავ ჩეჩენში, სადაც ზამთრობით მთის ცხვარი იკვებება; და რამდენად ძნელია იმ აუარებელი რიცხვის ყაზახის სტანიცების გავლა მარტო ერთის ფარისათვის და ხუთიოდ-ექვსის კაცისთვის - იმას თითონ ჩვენის მოგზაურობიდგან შეიტყობთ. 

ერთს საღამოს, ის იყო ცხვარი საძოვრიდგან მოვრეკეთ ბინაში - და ანთებულ ცეცხლს გარშემო ვუსხედით, როდესაც ძაღლი წამოვარდა და ყეფით გაექანა ბეგისკენ; ყმაწვილი ბიჭი, რომელიც იქვე იჯდა, გამოეკიდა ძაღლს, რათა მოეშორებინა ჩვენკენ მომავლის კაცისთვის. 

- საღამო მშვიდობისა, - მოსვლის უმალ წამოიძახა მოსულმა. 

მწყემსები მოსულს, როგორც სტუმარს, ჩვეულებისამებრ წამოუდგნენ ფეხზედ და მიესალმნენ. 

- მოხველ მშვიდობით, სვიმონაუ! - თითქმის ყველამ ერთად ვუპასუხეთ და მოვიწვიე ჩემს გვერდით დამჯდარიყო მთაში სახელგანთქმული მწყემსი. როდესაც ყველანი დავსხედით, შევჭამეთ ცოტაოდენი პური. სვიმონამ დაიწყო: 

- მე შენთან მოვედ. 

- რაი ამბავია? 

- ნამგალაობა გვწადის შენთან. 

მე გაკვირვებით შევხედე, რადგანაც მე თითონ ვეძებდი ნამგალებს და ვერ მეშოვნა. 

- რაისთვი არა, მე თავად ვეძებდი ნამგალებს, - ვუპასუხე გახარებულმა: - მაგრამ რაისთვი დაიგვიანეთ, რაისთვი აქამდინ არ შემატყობინეთ, ხომ იცოდით, რომ მე თავადაც ვეძებდი ნამგალებს? 

- ჰაი, ჰაი, ვიცოდით, მაგრამ ჩვენ არ გვჯეროდა, რომ მართლა ხელს მოჰკიდებდი მეცხვარეობას... მე წინადვე მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ ამხანაგები არა შვრებოდნენ და იმათ კი ვეღარ ვუღალატებდი. 

- შენ ამბობ, რომ ამხანაგებს არ ვუღალატებდიო და დააბეზღე კი. ახლა მე რომ გადავეკიდო იმათ? 

- აუ! .. ახლა შენ ჩვენი ნამგალა ხარ, შენთან დამალვა ღვთისაც საწყენია და კაცისაც... ამხანაგმა ყველა უნდა იცოდეს, ყველა, სპარს-ანგელოზის მადლმა! 

- შენ რაღად გინდოდა ჩემი დაახლოება? 

- რადა?.. იმად, რომ შენ მწიგნობარი ხარ. 

- მერე? 

- მერე ის, რომ ყაზახები შარიანები არიან და შენისთანა კაცი კი თავს გაიტანს იმათთან. 

- ძალიან გაწუხებენ ყაზახები? 

- ძალიან, წმინდა გიორგის მადლმა! .. აბა, რუსის შარი არ იცი?.. ისინი უშაროდ ისე ვერ გასძლებენ, როგორც თევზი უწყლოდ... 

ამ სიტყვებით გავათავეთ ჩვენი ლაპარაკი და ყველამ ავიღეთ ნაბდები. გავედით თეოზედ და მივწექით დასაძინებლად. 

მხოლოდ არ ეძინა სამს მორიგ ყარაულს, რომელნიც გარს უვლიდნენ ცხვრებს და უფრთხილდებოდნენ, რომ არ გაჰპაროდნენ. 

მეორე დილით, ალიონის აწევასთან ერთად, მოპირდაპირე მთიდგან მზემ ჯერ ამოიბჟუტა, მერე ამოიწვერა სხივებით და ჩქარა იქაურობა დაჰფერა ოქროსფრად. 

ღამის ნამს გამაცოცხლებლად ემოქმედა ხავერდის მსგავს ბალახზედ და ყვავილებზედ, რომელთაც ფერი დასწმენდოდათ, სასიამოვნოდ გადაშლილიყვნენ, თითქოს მზის სხივები უნდოდათ დაეტკბოთ თავიანთი მშვენიერებით. 

მწყემსები წამოდგნენ, დაიბანეს პირი და, ყაზახების დაშინებულებმა, ჩვეულებად დადებული სიტყვები წარმოსთქვეს: „ღმერთო დამიხსენ რუსის (ვითომ ყაზახის) შარისაგან"! 

ცხვარი გავიდა საძოვარზედ, მე და სიმონა კი ბინაში დავრჩით, რადგანაც მოლაპარაკება გვინდოდა ჩვენს მომავალს მგზავრობაზედ და შესაერთებლად დღის დანიშვნა. 

- თავი სარქალი შენ უნდა იქმნა, - დაიწყო იმან. 

პირველში მე უარი ვუთხარ, რადგანაც ხამი ვიყავ, მწყემსების ჩვეულება და წესები არ ვიცოდი, მაგრამ სვიმონა იქამდინ გადამეკიდა, რომ აღარ ვიცოდი, უარი რაგვარად მომეხერხებინა. 

- რად ითხოვ, რომ სარქლობა ვიკისრო, როდესაც ბევრი ჩემზედ გამოცდილი და ჩვეული მწყემსი არის? 

- იმადა, - მიპასუხა იმან, - რომ შენ ყველგან მისვლა-მოსვლა შეგიძლიან, შენ, თუ გაჭირდა, თავსაც გაიტან და ჩვენ კი ბედშავები ვართ... თუ შენისთანა კაცი კრიჭაში არ ჩაუდგა რუსებს (ყაზახებს), ჩვენი კაცი აბა რაი გახდების? 

როგორცა ხედავთ, ყველგანა სჩანდა ყაზახებისაგან შეწუხება მწყემსებისა, რომელთაც თავი ჰქონდათ მოძულებული ამ მშვიდობიანობისათვის დასახლებულებისაგან. 

- მამასახლის-პრისტავიც ვეღარ გვაწვალებს, - დაუმატა სვიმონამ. 

- განა ისინიც გაწვალებენ? ყაზახები რაღად? 

- ღმერთმა ნუ იცის იმათი თავი! - წამოიძახა გულ-დაწყვეტით; - სანამ ბილეთს მოგცემენ, კაცს სული ყელში მოებჯინების... ქვემოთკენ (ჩეჩენში) თუ არ პრისტავის ბილეთი, არ გამოდგების და პრისტავი კი მამასახლისის მოწმობასა გვთხოვს... 

- ეგ რა გასაჭირია, წელიწადში ერთხელ გინდათ ბილეთი. 

- ერთხელ? - ჩაიცინა იმან: - ერთხელ უნდა, მაგრამ ვაი იმ ერთს აღებას? 

- როგორ? 

- აი როგორ: ჯერ ერთი - ბილეთი საერთოდ ფარას თავის მწყემსებით უნდა; მეორე - სამ კაცს თითო-თითო ბილეთი... 

- სამ კაცს რაისთვიღა? 

- იმისთვი, რომ ზოგი „ჯერისათვის" იგზავნების, ზოგი თივისთვის, ზოგსაც საქმე გაუჩნდების რამე... მერე საქონლისათვის ბილეთი! ჩემი მტერი ჩავარდეს მაგათ ხელში! .. ეხლა რაი გიამბო, გაიცან ცოტა ჩვენი ცხოვრება და მაშინ გაიგებ, რაიც დღე მწყემსებს ადგას. 

- შენ უთუოდ გაგაჯავრეს რაზედმე და იმიტომ ლაპარაკობ აგრე. 

- ჰაი, ჰაი, რო გამაჯავრეს! შარშან, - დაიწყო სვიმონამ, - ასინსკაში ცხორი მედგა და მე კი შინ მოვედი, ჯალაბი მომიკვდა, დამარხვა უნდოდა... შუაგული ზამთარი იყო, როდესაც კაცი მოვიდა ცხვრიდგან და შემატყობინა, რომ ჩვენს ფარეხს ცეცხლი მოჰკიდებოდა.. შენს მტერს შეექნას აგეთი გული, როგორც მე შემექნა. გამოვიქეც მამასახლისთან ბილეთისთვის. იმან პრისტავზედ გამიღირა ხელი და პრისტავი კი ქვეშეში სდგას; აქედამ ქვეშემდე სამოცი ვერსი იქმნება. წინ და უკან ას-ოცი ვერსის გავლა ხუმრობა არაა, მერე ზამთარში და მთაზედ გადასვლ-გადმოსვლა ხომ რაიღა გითხრა! მაგრამ მეტი ღონე რა იყო? ვთხოვე მოწმობა; იმ ურჯულომ მანამ არ მომცა, სანამ ბეჭედის ფული ხუთი მანეთი არ გამომართვა. წავედ, ღმერთმა ხელი მომიმართა, მთას გადავრჩი, მშვიდობიანად გადაველ, მაგრამ პრისტავს რაიმე საქმე გასჩენოდა, თუ საქეიფოდ წასულიყო ქალაქში, შინ არ დამხვდა. იასაულებმა კი მითხრეს: ერთს თვეზედ ადრე არ დაბრუნდებისო. რაიღა უნდა მეთქვა? გული სისხლით ივსებოდა: ჩემი სარჩო საბადებელი ცხორი იყო, ფარეხს ცეცხლი მოჰკიდებოდა, და მე კი დაბეჯითებით არ ვიცოდი - სულ დაიწვა ცხორი, თუ გადარჩა რამე... ვიოხრე, ვიჯავრე და დაღონებული გამოვბრუნდი. გზაში ამიდგა ბუქი და კინაღამ თოვლში დამაღრჩო... შინ რომ ჩამოველ, ვიფიქრე, ვიფიქრე და გულმა ვეღარ გამიძლო: უბილეთოდ წაველ. ვიფიქრე, ჩემ შავ დღეს შევატყობინებ, თავს შევაბრალებ და გამიშვებს-მეთქი. მაგრამ დარიელას ყაზახები დამხვდნენ, მთხოვეს ბილეთი და საით მოვუტანდი, რაიც არ მქონდა? დამიჭირეს, გამიკრეს ხელები და ძაუგს ჩამიყვანეს, იქ ორი კვირა ვიყავ დაჭერილი; მემრე გამატანეს ეტაპს და ორი კვირა მომინდა, სანამ დუშეთს ჩავიდოდი. გული კი სივდებოდა და სივდებოდა! ... იქაც ერთი კვირა მომაგვიანეს და მემრე გამიშვეს... მადლი უფალს, ცხორი გადარჩენილიყო, მაგრამ ან რაიღა გული უნდა მქონდეს ამის შემდეგ მაგათზედ. ან რაი შემიძლიან, რითი გადავუხადო? ! ! 

იმისმა ლაპარაკმა მეც დამაფიქრა და მწუხარებით წარმომადგენინა ის უბედური დრო, როდესაც პატიოსანს მუშას შემწეობა და დახმარება ეჭირება პატიოსანი შრომისთვის! დამაფიქრა იმ ხალხის მდგომარეობამ, რომელთ ბედიღბალი ჩავარდნიათ ხელში სხვადასხვა უთავო მოთაურებს და მართვენ თავიანთ გემოვნებაზედ, სდებენ თავიანთგან გამოგონილს წესებს, ჰკრებენ ჯილდოებს. 
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 931 | დაამატა: joni | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
ხელოვნების რომელ დარგს ანიჭებთ უპირატესობას??
სულ პასუხი: 110
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
skype