მთავარი » 2011 სექტემბერი 11 » ალექსანდრე ყაზბეგი-ნამწყემსარის მოგონებანი II გაგრძელება
00:18 ალექსანდრე ყაზბეგი-ნამწყემსარის მოგონებანი II გაგრძელება | |
III გაიარა რაოდენიმე ხანმა, მე მოვამზადე საჭირო ბილეთები, და სტეფანწმინდის პირდაპირ, თერგს გაღმა, შავხალიანთ სათიბში ყველა ნამგალაები მოვგროვდით, დავურიეთ ერთმანეთს ცხვარი და, რადგანაც მეორე დღეს გამგზავრებას ვაპირებდით, ჩვეულებისამებრ გავმართეთ საღმრთო. აქ ყველანი ისე იქცეოდნენ, ისე ლოცულობდნენ და ეთხოვებოდნენ მოწვეულს მეგობრებს და ნათესავებს, თითქო საომრად მიდიოდნენ სადმე ანუ დიდს ფათერაკს ეძლეოდნენ. მართალია, ნოღებისა და ჩეჩნების მინდვრები კარგა დაშორებულია ჩვენგან, მაგრამ იქაც ხომ დამშვიდებული ხალხი სდგას; მაშ რისა ეშინოდათ ამ მშრომელს ხალხს, რომელიც ისეთს მშვიდობიანის საქმისთვის მიდიოდნენ, როგორც საქონლის მოვლა, გაკვება არის?.. მე ხამი ვიყავ, და ყველა გასაკვირველად მეჩვენებოდა, რადგანაც ვერ წარმომედგინა ყველა ის გაჭირება და უსიამოვნება, რომელიც თურმე გზაში მოგველოდდა. ერთხმად გადასწყვიტეს იქ მოგროვილ მწყემსებმა, რომ გზაში და ბინაზედ რიგის მიმცემად მე უნდა ვყოფილიყავ და სვიმონაც ჩემი სურვილისამებრ თანაშემწედ დამინიშნეს პურის ჭამის დროს, თასს თასზედ მიგზავნიდნენ, სმურს სმურზედ მეუბნებოდნენ და, საზოგადოდ, ლექსად გამოჰყვანდათ ის იმედი, რომელსაც ჩემგან მოელოდნენ. მზემ გადაიხარა, როდესაც პურის ჭამა გავათავეთ. მე შევუდეგ ჩემი მოვალეობის აღსრულებას. მწყემსები იმდენს ლაპარაკობდნენ გაჭირვებაზედ, აუცილებელს შეტაკებაზედ, ქურდობაზედ, რომ პირველადვე ჩემი ყურადღება იარაღმა მიიქცია და ამისთვის მოვკრიბე მწყემსები და დავუსინჯე იარაღი, რომლითაც სრულიად კმაყოფილი დავრჩი; ყველას თოფები და დამბაჩები გაწმენდილი, ჩახმახები მომართული, ტალები ახალი და გამოპირული, ხანჯლები დალესილი და ტყვია-წამალი საკმარისი ჰქონდათ. ერთი სიტყვით ისე მზად იყვნენ, რომ, რა წუთსაც გინდათ, საბრძოლველად გაყვანა შეგეძლოთ... ცხვარი იმ ღამეს იქ უნდა დარჩენილიყო და მეორე დილას, გარიჟრაჟზედ უნდა გავმგზავრებულიყავით ყაზახების სტანიცა მახანიურტის ადგილში, ბრაგუნში, სადაც საზამთროდ ადგილი გვქონდა დაჭერილი. მე და სვიმონა გამოვედით ჩვენს სოფელში დანარჩენი საქმის გასარიგებლად, შინაობაში რიგის მისაცემად და გამოსასალმებლად. - ძალიან კი ვემზადებით, სვიმონაუ, და არ ვიცი, რაი იქმნება? - ვკითხე. - მომზადება წინათ უნდა, თორემ, როცა გაჭირდების, გვიანღა იქმნების, - მიპასუხა იმან აუჩქარებლივ. - შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს ჯარში მივდიოდეთ! - ღიმილით ვუთხარ, რადგანაც მინდოდა სალაპარაკოდ გამომეწვია და დაახლოვებით შემეტყო, თუ რა მოგველის გზაში. - რა ბედენია, შენაი ჭირაიმე, კაცი თუნდ ჯარში წასულა, თუნდა მწყემსად?.. ორგანვე იარაღს ვერ მოიშორებს. - როგორ? - როგორ და ისე, რო ცხორს ყველა ემტერების: ნადირი, კაცი, ამინდი - ყველა ცხორის მტერია, ყველა იმას ეტანების, - წარმოსთქვა იმან და დაუმატა: - მაგითია მეცხვარე ბედშავი. ყველა ხელობის კაცს შეუძლიან მოისვენოს, გადასდოს საქმე. მაგრამ მეცხვარეს კი არა... ავდარში ცხო მუშა თავს შეაფარებს და მწყემსი კი ცხორთან უნდა მოკვდეს... ღამეა და ცალი თვალი გახელილი უნდა ეჭიროს, ან ცხორი არ დაუფრთხეს. ან ნადირმა არა გაიტაცოს და ან ქურდმა... მწყემსისთვის მოსვენება არც დღეა და არც ღამე! მართლაც, წარმოიდგინეთ, მკითხველო, მწყემსის მდგომარეობა, ცის ქვეშ, ბნელსა და ცივს ღამეს; განუწყვეტლივი კოკებრივი წვიმა, რომელიც ასველებს და ჰყინავს რბილსა და ძვალს; ქარიშხალი სადგისებსავით სჩხვლეტავს ქარისაგან გადაგდებული ნაბდის ადგილს - და ცხვარს კი მაინც ვერ მოჰშორებიხართ, თავი ვერ შეგიფარებიათ, ამიტომ რომ ცხვარს ვერ მოაცდენთ საძოვარს და იქ კი გაფაციცებული, გაფრთხილებული თვალი ეჭირება. ცხვარი ჯერ ბინიდგან არ აშლილიყო, როდესაც ჩვენ გავედით და ღმერთსა და ხეური ჯვარ-ანგელოზების ხსენების შემდეგ გავემართენით ჩვენს გზას. ჩვენი სანამგალაო ცხვარი გავყავით ხუთს ფარად, წინას გავატანე სვიმონა და მე თითონ უკანა ფარაში დავრჩი; თუმცა ჩემი თანაშემწე წინა ფარაში ყოფნას როგორღაც ზარობდა, მაგრამ იმ მოაზრების გამო, რომ უკანმყოფს არ ამცდებოდა, რაც კი წინეებს შეემთხვეოდა და უფრო ადვილად თვალ-ყურის დაჭერაც და მიშველებაც შემეძლო, - ჩემი ავასრულე. ცხვარი გაიძაბა ვიწრო, ხვეულს ხეობაზედ და დაემსგავსა მოძრავს გრძელს ხორტს. წყნარის და ფრთხილის სიარულს შემდეგ მივახლოვდით დარიელას. უეცრდ წინა ცხვარი შეაყენეს და რაღაცა ხმაურობა მომესმა; არ გაიარა რამდენმამე წუთმა, როდესაც ერთი მწყემსი წამოვიდა ჩემკენ რბოლით, მოვიდა და შემატყობინა, რომ ყაზახები ცხვარს არ უშვებენო. დარიელაში მშვიდობიანობის დასაცველად დგანან რუსის ყაზახები და იმათ სხვა უფლების გარეთ ნება აქვსთ მიცემული გამვლელ-გამომვლელს ბილეთები მოსთხოვონ, შეამოწმონ ბილეთში ჩაწერილის ნიშნებით სინამდვილე ქაღალდის წარმოდგენისა და სხვა. - რაისთვის დაგაყენესთ? - ვკითხე მე. - იმისთვი, რო ყაზახებს კაცის წვალება უყვარსთ, - მოკლედ მიპასუხა მოსულმა. მე გავწიე, ჩავედ და ვნახე შემდეგი: ჩვენზედ წინ წასული ფარები დაერიათ - ერთმანეთში, შეერეკათ მოწნულს ბაკში, რომელიც ტალახით სავსე იყო და წმინდად გაბანილი ცხვრები მუხლებამდის შიგ იფლებოდნენ! რადგანაც დედალ-მამალი ყაზახებს დაერიათ ერთმანეთში, ცხვარი ნერბობდა და ბატკანი უეჭვლია ადრე გამოვიდოდა, სწორედ ისეთს დროს, როცა ახალი ბალახი ჯერ არ იქნებოდა გაჩენილი, დედა რძეს ვერ მოუმზადებდა და, მაშასადამე, ან უნდა დაჩაგრულიყო ნორჩი, ნაზი ბატკნები და ან დახოცილიყო. დიდი ხნის ნადგომი დამპალი და აყროლებული სხვადასხვა უწმინდურებით ტალახი კი ცხვარს ფეხებს „უყელამდა", უფუჭებდა და დაკოჭლებული ცხვარი საძოვარზედ ვეღარ ივლიდა, ქაჩებით თოვლს ვეღარ გასთხრიდა და ვერ ამოაჩენდა საძოვარ ბალახს. ეს გაალუბებდა ცხვარს და, თუ ზამთარს გადარჩებოდა, პატრონს სარგებელს მაინც ვეღარ მისცემდა, - მატყლი არ გაჰყვებოდა და ბატკანს ვერ აღზრდიდა. რასაკვირველია, რომ ყაზახებს, შეჩვეულს მუდამ ტაციობით ცხოვრებას, სულით და ხორცით დამახინჯებულებს, გარყვნილებს, არ ესმოდათ ის ზარალი, რომელსაც თავიანთის ძალდატანებით და უსამართლობით მწყემსებს აძლევდნენ! მაგრამ მე გამიკვირდა ის თავაწყვეტილი არეულობა და თავისნებობა, რომელსაც ისინი ჰბედავდნენ. მიველ თუ არა, შემომეხვივნენ ჩვენი და სხვა მწყემსები ხვეწნით: - გვიშველე-ღა რამე, წმიდის გივარგის თავით გეხვეწებით! - რად დაგაყენეს, რას ამბობენ?.. - ვიკითხე მე. - შარი მოგვდეს, ცხო რაღა! - მიპასუხა ერთმა და დაუმატა: - ხუთ თუმანსა გვთხოვენ, თუ მოგვცემთ, გაგიშვებთო თუ არა და, არაო... - ერთი თუმანი ვაძლიეთ და არ დაგვჯერდნენ, - დაუმატა მეორემ. - რას ამბობ, რად უნდა მისცეთ! - ვუთხარ მე და მივუბრუნდი იქ მყოფს ყაზახებს: - ვინ არის თქვენში უფროსი? - მერე შენ რა გინდა? - მივიღე პასუხად, - ნაჩალნიკი ხარ? - მაგას გაიგებ, ვინცა ვარ, - ვუპასუხე გულმოსულმა და გავუმეორე კითხვა: - ვინ არის უფროსი? - მე ვარ უფროსი, რა გინდა? - რად გაგიჩერებია ცხვარი? - ჩვენი ნებაა და იმიტომ. - შენ გესმის, რა ზარალსაც აძლევ მწყემსებს? - სულაც რომ გაწყდნენ, მე რა მენაღვლება?.. აშკარად დავინახე, რომ ამ კაცთან კაცური ლაპარაკი არ გამოდგება და დავრწმუნდი კიდეც, რომ ცრუობდა - უფროსი ის არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც არავითარი ნიშანი არ ჰქონდა და უბრალო ყაზახი იყო. მე მოვშორდი იმას და გავწიე კაზარმებისაკენ, სადაც კარებში შემხვდა მეორე ყაზახი. - სად მიხვალ? - შემაყენა იმან. - თქვენი უფროსი უნდა ვნახო. - ისა ქეიფობს, შენთვის არა სცალიან. წადი, უთხარ, რომ იმის ნახვა მსურს, - მე დავუსახელე ჩემი სახელი და გვარი. - შენ რა ჩვენი ნაჩალნიკი ხარ! - გაიცინა იმან. მე გული მომივიდა და ძლივს შევიმაგრე თავი. მშვიდობიანობის დამცველი ქეიფობს და როდესაც კაცი სამართლის სათხოვრად მიდის, ყაზახები მასხარადაც იგდებდნენ! რაღა მრჩებოდა?.. კიდევ კარგი, რომ რუსული წმინდად მაინც ვიცოდი, თორემ თუ ისეთი ვინმე შეჰხვედროდათ, რომელსაც ეს ენა არა სცოდნოდა, უმეტეს შეურაცხყოფასაც მიაყენებდნენ. მე გამოვბრუნდი, დავძახე ბიჭებს, რომ გამოერეკათ ცხვარი და გაეწიათ თავის გზაზედ. რაწამს საცოდავებმა გაიგონეს ჩემი ხმა, სიცოცხლე გაქვსთ, ჩქარა გადმოამტვრიეს კარები და გამოუშვეს დამწყვდეული ცხვარი, რომელიც შეწუხებულიყო და, რა თავისუფალი გზა დაინახეს, ხტუნაობით გამოდიოდნენ. ყაზახი მივარდა ერთს მწყემსს და დაჰკრა მათრახი, რომელმაც აანთო მეცხვარე; ისა სწვდა ყაზახს, გადმოიღო ღობიდგან, რომელზედაც შეხტა, ჩაიდო ფეხ-ქვეშ და, სანამ მე გავაგდებინებდი, კარგა ლაზათიანადა სთელა. იმის ყვირილზედ გამოცვივდნენ სხვა ყაზახები, დაერივნენ მწყემსებს, მაგრამ რას გახდებოდნენ თხუთმეტიოდე ყაზახი ოთხმოც ხევში გამორჩეულს მწყემსებთან. მალე შეიქმა ყაზახების ხვეწნა-მუდარა, თითონ იმათი უფროსი, ურიადნიკი ბელოგოროვი თუ ბელაგორსკი, ეხლა კარგად აღარ მახსოვს, გამობრძანდა გახეთქილი და ძლივს ფეხზედ მდგომი, მარტო ცარიელა პერანგში. პირველი იმის დაძახება იყო: - იარაღი! მაგრამ რა დაინახა თავისი გაფანტული ყახაზები და ძალა სხვის მხარეს, ჩქარა იკადრა შინ შევარდნა, ჩოხის გადაცმა, ხმალიც კი გადაეკიდა მხარზედ და მოწიწებით მოვიდა ჩემთან, ხვეწნით და მუდარით, რომ გვეპატიებინა ყაზახების უწესობა. ხალხი როგორც იყო დავამშვიდე, ცხვარი გამოვიყვანე და მწყემსების სასიამოვნოდ გავაგრძელეთ ჩვენი გზა. IV ვერ მოვასწარით დარიელის ფათერაკს აცდენა და ცხრა ვერსის გავლა, როდესაც ლარსის ყაზახები გადაგვიდგნენ წინ და ფარაზედ თითო ბატკნის თხოვნა დაგვიწყეს! რისთვის, რა მიზეზით, რომლის უფლებით გვთხოვდნენ - ეს ყველა გამოუკვლეველი დარჩა და რადგანაც არ ვანებებდით, ისინი კი ითხოვდნენ - ჩხუბი აუცილებელი ხდებოდა. ღმერთმა უშველოს ლარსის აქციზნის, რომელმაც შეატყობინა იმასთანავე მოსულს სოტნიკს ჩემი ვინაობა. ამ შემთხვევამ გადაგვარჩინა მეორე ხათაბალას... მწყემსები მხიარულად იცინოდნენ და უკვირდათ მშვიდობიანი გადარჩენა „შარიან ყაზახებს", როგორც ისინი ყაზახებს ეძახიან. ჩვენ გავიარეთ კიდევ რაოდენიმე გზა და დავინახეთ ჩალხის წყალზედ რამდენიმე ადგილს გაძლიერებული ცეცხლი: ეს იყო ჩვენი „მობინავები", რომლებიც ვახშამს გვიმზადებდნენ, - ღამე აქ უნდა დავრჩენილიყავით. ცხვარი შევაბრუნეთ საძოვრად, გვინდოდა კარგად გაგვეძღო, რადგანაც მთელი დღე ფარას გასაშლელი ადგილი არ შეჰხვედრია და ვიწრო ხეობა კი, რომელზედაც ჩვენ მოვიდოდით, მთლად გავლილი იყო ჩვენზედ წინ ჩამოვლილი ცხვარის ფეხისგან. - აქ სიფრთხილე გვინდა, - მომესმა სვიმონას ხმა, რომელიც ჩემთან მოვიდა. - აქ რაღასი შიშია? აქაც ხომ ყაზახები არ არიან? - ვკითხე. - მგელი იცის და ოსებიც ყაზახებზედ უკეთესები არ არიან. - როგორ? - როგორ და ისე, რომ ეხლა ჩვენ ბინაში რომ მიხვიდე, გაჭედილი იქნება ოსებით... - მერე რა? - მოიტანდნენ ერთს ბოთლს გაწყალებულს არაყს, ვითომ მწყემსების პატივის საცემლად, და თითონ კი თვალი იმაზედ უჭერიათ - ცხვარი როგორ დადგება, საიდგან უფრო მარჯვედ მოიპარების. - ე, რას ამბობ, მაგას როგორ იზმენ? - შენ ძალა გაქვს, ხემწიფის სწორი კაცის შვილი ხარ, იქმნება შენთან ვერ გაბედონ, თორემ აბა მარტო ჩვენი კაცი იყოს... - რას იქმოდნენ? - მაგას თავად გაიგებდნენ! - აღარ გაათავა სვიმონამ და ქვა გადუგდო მეტად უკან დარჩენილს ცხვარს, რომელიც ერთს ადგილს ჩასცივებოდა და გაშმაგებით რაღასაცა სჭამდა. - ტიალი, მიწასა სჭამს, მარილი მოსდომნია! - წარმოსთქვა და მერე ისევ ოსებზედ გადვიდა. - ნეტა გულადნი, პირდაპირი მაინც იყვნენ, თუ არა და აბა რაია, ღვთის მადლსა! .. მოვლენ, ხელში მოგიკვდებიან, მიგინდობენ და დანდობაზედ კი უფალს ჰკითხე. - როგორც გეტყობა, ოსები ძალიან გეჯავრება? - მოიცა-ღა, ბატარაი იარე, გაიცან და მაშინ შენთავად ნახავ. ცოტა ლაპარაკს შემდეგ მე წავედი ბინაზედ, რათა არჩეული ადგილი დამეთვალიერებინა და სწორედ გითხრათ, გავკვირდი ამ საბრძოლველად მოწყობილის ადგილის ამორჩევით! .. მე მომეგება მობინავე, თუმცა არც ცერემონია და არც ის ფორმალური ქცევა ჰქონია, რომელიც სამხედრო ხალხში ჭიმვით და პრანჭობით თავს იჩენს, მაგრამ ის აშკარად ხედავდა, რომ საქმე ჰქონდა მინდობილი და მოვალე იყო აღესრულებინა წესიერად; აგრეთვე ის აშკარად თავის თავს მოვალედ ხდიდა, რომ ჩემთვის, როგორც სარქლისთვის, თავის მოქმედების ანგარიში მოეცა. ადგილი იმგვარად იყო ამორჩეული, რომ მთლად შემოზღუდულიყო პატარა გორაკებით, საიდგანაც ადვილად შეიძლებოდა თვალის დაჭერა. შუა ადგილას - საკმაო და ბალახიანი მინდორი, ერთ მხარეს - წყალი. - ადგილი კარგია, მაგრამ ტყე რომ შორსა გაქვსთ? - შევნიშნე უფრო იმისთვის, რომ ეთქვა რამე. - ტყე მოშორებითა სჯობს. - როგორ? - ტყე რომ მოშორებითაა, ცხვარი თუ ან მგელმა, ან კაცმა გაიტაცა, მალე ვერ შეეფარების, - მოკლედ მიპასუხა და დარწმუნებით გაისწორა ქუდი, თითქოს უნდოდა ეთქვა: „მე მთის მწყემსი ვარ, მაგგვარი საქმე მე არ ამერევა". მეც ჩავჩუმდი და გავყევი, სადაც ცეცხლი დაენთოთ. შორიდგანვე შევნიშნე, რომ ცეცხლთან ბევრით უმეტესი ხალხი ირეოდა, სანამ ჩვენი ბინის კაცები იყვნენ, და სვიმონას სიტყვები მომაგონდა. - იქ ბევრი ხალხი სჩანს, - გავუშვირე ხელი ბინისკენ: - ვინ არიან? - კატებია. - ვინ კატები, რას ამბობ? - ოსები, ცხო ვინა. მაგათ სულ აგრე იციან, რაკი ბინაში გაჩენილს ცეცხლსა ნახვენ, მაშინვე იქ ჩამოცვივიან, თითქოს სვავებს ლეშის სუნი მიედინათო... ეხლა გაიგეს, რომ შენ აქა ხარ, რაღას მოგშორდებიან, თუ არა მიეცი რა. ჩვენ მისვლაზედ წამოცვივდნენ ოსები, თავისკვრით და ღრეჯით მომეგებნენ. მარწმუნებდნენ, რომ წარმოუთქმელად ვუყვარდი იმათ, რომ მამაჩემის ამაგი საშვილიშვილოდ არ დაავიწყდებოდათ და ბოლოს გაათავეს სიტყვებით: „როცა „გლახას", - ასე ეძახდნენ მამაჩემს, - ცხვარი ჩამოივლიდა, ყოველთვის საკლავს გვაჩუქებდა". ერთმა მამიჩემისაგან ისეთს ნაჩუქარ ყოჩზედ მიამბო, რომელიც, თუ სპილოს ოდენა არ იქნებოდა, კამეჩებზედ კი ბევრით დიდი უნდა ყოფილიყო. ბოლოს, ისე რიგად გაბედეს ერთი ბოთლი არყის მოტანა, რომ გული გააწვრილეს. აღარ მომეხსნენ, დამსვეს ცეცხლაპირას და „ვარადა-ვარადას" ბოლო არ მოეღო, სანამ მწყემსს თოხლი არ მოვაყვანინე და არ მივეცი. როგორც იყო ისინი თავიდან მოვიშორე, თუმცა მთხოვდნენ, რომ ღამე ყარაულად დამდგარიყვნენ და იძახოდნენ: - აუ! სენ სტუმარი, ცვენ მასპინძელი, სენი წირიმე, ეგრე თავი როგორ დაგანებებ? მაგრამ ჩემი მწყემსები ასე მტრულად უბღვერდნენ, რომ ოსების წადილის აღსრულება ვერ გავბედე. რაკი ოსები გავისტუმრე და მარტონი დავრჩით, მოვიდნენ მორიგი ღამის ყარაულები, აიღეს თავიანთთვის საჭმელი და გასწიეს თეოზედ, (ცხვრის განაპირებით) სადაც თავ-თავის ძაღლი გაიყოლეს. დანარჩენი მწყემსები დავსხედით პურის საჭმელად, და კარგად შევექეცით თბილს ალტამებს და დამარილებულს ხორცს, რომელიც თან საკმაოდ გვქონდა. მთელმა ვახშამმა გაიარა ხუმრობაში, ოხუნჯობაში და ლექსაობაში. სიამოვნებით ვუყურებდი იმ სიცოცხლით სავსე, თითქოს უზრუნველს და უდარდელს ხალხს, რომელიც ცხოვრებას ასე ჩაეკირკიტებინა, ასე გაემაგრებინა, რომ დაღალვაც კი არ ეტყობოდათ. ცოტა ლაპარაკისა და ყალივნების მოწევის შემდეგ, ყველამ ავიღეთ ნაბადი და გავწიეთ თეოზედ, სადაც ცხვრის პირად უნდა დაგვეძინა. მთვარე ჩასულიყო და შავს სივრცეში ვარსკვლავები უფრო ძალზედ კამკამებდნენ და ამშვიდებდნენ იქაურობას. მთები, რომელთაც პირი დაეღრინათ და გამვლელ-გამომვლელისთვის გზა მიეცათ, თითქოს უფრო გაზრდილიყვნენ და იკარგებოდნენ ღამის უფსკრულში. შორს მომდინარის თერგის ხმაურობა ათასში ერთხელ წყნარსა და მოალერსე ნანად მოისმოდა. ნადირი არ ეტანებოდა ცხვარს და ძაღლებიც დამშვიდებულნი ფარებს გარს უვლიდნენ. ამ მშვენიერს, ყრუს და სასიამოვნო საღამოს, როდესაც ყნოსვას დაატკბობდა სურნელიან ყვავილებ-გარეული თივის სუნი, კაცი რაღაცა აღტაცებაში, შფოთვაში შედიოდა. თქვენ გრძნობდით, რომ ცოცხალი ხართ, სიცოცხლე ტკბილია, არის რაღაცა ძალა, რომელიც გიალერსებსთ, გიზიდავსთ და რაღაც სიმსუბუქით და ნეტარებით გასუნთქებსთ! .. ასეთად მეჩვენებოდა ეს ღამე, ასეთი მოქმედება ჰქონდა ჩემზედ და, ვგონებ დანარჩენებზედაც. არ ვიცი, ამ დროს სხვები რასა შვრებოდნენ, და მე კი ძილი გამიკრთა, აიშალა ფიქრები და ვინ იცის სად არ მიმახეტა, რა არ წარმომადგენინა... კარგა ხანმა გაიარა, როდესაც, თითქოს დამთვრალს, დასუსტებულს თვალები დამეხუჭა და ის იყო ბურანში წავედი, როდესაც ერთბაშად შემომესმა ძაღლების ყეფა, თოფის სროლის ხმა და მწყემსების ყიჟინა. მე წამოვვარდი და ყველა მწყემსები ფეხზედ დამხვდნენ. ისინი მისდევდნენ შეშინებულს ფარას, რომელიც დამფრთხალიყო, დაეხარა თავი გზის გაურჩევლად და შეუყენებლივ გარბოდნენ. მეორე მხარეს, ცეცხლის-პირ მგელი დაეტრიალებინათ ძაღლებს, შუაში ჩაეგდოთ და თავგანწირვით ებრძოდნენ. ერთ წუთზედ მგელი დაეცა, მთელი ხროვა ძაღლები მისცვივდნენ და გაფათრეს. მწყემსებმა ძლივს დაიმორჩილეს ცხვარი, რომელიც დაფრთხობის შემდეგ აღარაფერს არჩევს და გარბის, გარბის სანამ წინ რამე არ შეხვდება, ან ქშენა სისხლს არ დაუყენებს, თავს ბრუს არ დაახვევს ან მუხლს არ მოსჭრის. ცხვარი ისევ დავაბინავეთ, ალიონმაც აიწია და მე კი ვიფიქრე: - ან ძილი, ან მოსვენება როდისღა უნდა მღირსებიყო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |