მთავარი » 2011 სექტემბერი 11 » ალექსანდრე ყაზბეგი-ნამწყემსარის მოგონებანი III დასასრული
00:16 ალექსანდრე ყაზბეგი-ნამწყემსარის მოგონებანი III დასასრული | |
V გათენდა დილა და სტვენასთან ერთად მოისმა მწყემსების ერთმანეთის ძახილი. ცხვარი ბინიდგან აიშალა და გაუდგა გზას. ვერ მოვასწარით ჩასვლა სოფ. ბალთას, სადაც ზასტავაში შეგვაყენეს და გზის ხარჯის თხოვნა დაგვიწყეს. ჩვენ ეს ხარჯი უსამართლოდ გვეჩვენა, რადგანაც გზა-გზა არ გვივლია და სულ მინდორზედ ძოვნით მოგვიდიოდა ცხვარი, მაგრამ ჩვენს საბუთიანს ლაპარაკს ყურადღებას არავინ აქცევდა და გასასვლელს გზას არ გვანებებდნენ. მეტი ღონე არ იყო, უნდა გავსწორებოდით და ამისთვის წარვუდგინეთ ბილეთები, რომელშიაც ცხვრის და ბინის მზიდავ საქონლის რიცხვი ჩაწერილი იყო, მაგრამ იმათ არ ირწმუნეს ეს ქაღალდები და დათვლა მოინდომეს. წარმოიდგინეთ რვა ათასამდე ცხვრის დათვლა, ნამეტნავად ნამთევისა, დასუქებულისა, ან რამდენს ხანს დაიჭერდა და ან რამდენს ზარალს მისცემდა იმათ პატრონებს. მე წაველ ზასტავის უფროსთან, მაგრამ ყოველი ლაპარაკი, თხოვნა ამაოდ დარჩა: „უნდა გავთვალო"! დაეჟინა იმას, თითქოს სხვა სიტყვები გადავიწყებოდა. ცხვარი შეგროვდა გზაზედ, იმათ მოაწყდა ზეიდგან და ქვეიდგან მომავალი ურმები, ფურგონები, ტროიკები, აქლემები და წარმოუდგენელი არეულობა მოხდა. ყველანი ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ჩხუბობდნენ, რადგანაც გზა შეიკრა. მე გადავწყვიტე, რომ ცხვარი უკან გაებრუნებინათ იქვე პატარა მინდორზედ და იქ შეეყენებინათ, სანამ ვლადიკავკავში, რომელიც 12 ვერსზედ მდებარეობს ბალთიდგან, ჩავიდოდი, შევატყობინებდი ამგვარს არეულობას ბ. დელაკრუას, რომლის განკარგულებაშიაც იყო ეს გზები და რომელსაც კარგად ვიცნობდი. ის იყო გამოველ ზასტავის უფროსისაგან და ჩემს განზრახვის აღსრულებაში მოყვანას ვაპირობდი, როდესაც ერთი გზაზედ მოსამსახურე სალდათებთაგანი მომიდგა გვერდზედ: - თქვენ უბრალოდ სწუხდებით, - დაიწყო იმან. . - როგორ უბრალოდ?.. - გავიკვირვე და დავუმატე გაჯავრებულმა: - არ გვივლია თქვენს გზებზედ, არა წაგვიხდენია-რა და სრულიად უსაფუძვლოდ ფულსა გვთხოვთ... მაგასაც ხომ არ კმაყოფილდებით: გზის ქაღალდებს, პრისტავისაგან მოცემულს და სახელმწიფო ბეჭდით დაბეჭდილსაც, არ ერწმუნებით და გინდათ, ჩვენდა საზიანოდ, ცხვარი გაგვითვალოთ! .. - ყველაზედ კანონია, ნაჩალნიკები გვიბრძანებენ... - მე არა მჯერა, რომ უფროსები გიბრძანებდნენ ხალხი აწვალოთ და აშკარად ხალხის სარგებლობის წინააღმდეგ მოიქცეთ! - უბრალოდა ჯავრობთ, გარწმუნებთ! - მამშვიდებდა ჩემთან მოლაპარაკე რუსი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა კანტონისტებისაგან იყო და მწერლად დაეყენებინათ. ამ ხალხს ყოველთვისინ რაღაც განსაკუთრებითი ბეჭედი აზის და საქციელი აქვს, რომელიც ათას კაცში გამოგარჩევინებსთ. ფერწასული, წმინდა ჩაცმა, ქუდი გვერდზედ, რომლის ქვეშედგანაც ღორის ქონით გაპოხილი თმა მოჩანს; პირისახის გამომეტყველება „ვირ-ეშმაკური". საპონწასმული და გაწკეპილი ულვაშები; ლაპარაკში ცდილობენ ტკბილის სიტყვებით შეაზავონ თავიანთი საუბარი და, თუ სიტყვა ვეღარ იპოვეს, მაშინვე შეთხზვენ, იმის მიუხედავად - მოსახდენია ეს სიტყვა, თუ არა. ერთის სიტყვით ჩემთან მოლაპარაკე ერთი იმგვარ ხასიათთაგანი იყო, რომლის ლაპარაკი კაცს უფრო მეტად აჯავრებს. - როგორ? უბრალოდა ვჯავრობ? - არ ვისვენებდი. - სამიოდე ბატკანი აჩუქეთ და გაგიშვებენ, - ამიხსნა იმან. - სამ ბატკანს კი არა, სამ გროშს არ მივცემ. - როგორც გინდათ, მაგრამ ეგრე კი სჯობდა. - მითხრა იმან. გახსნა კარტონის პორტსიგარი და მითავაზა: - არ ინებებთ? - მადლობას მოგახსენებთ, - ვუპასუხე და მწყემსს დავუძახე ცხენი მოეყვანა. - მაშ წასვლას აპირობთ? - მკითხა იმანვე. - დიაღ, პირდაპირ დელაკრუასთან - უნდა შევატყობინო თქვენი საქციელი. - მე კი ისეთი აზრი მაქვს... - დაიწყო იმან. - თქვენ არავითარი აზრი არა გაქვსთ! - გავაწყვეტინე მოთმინებიდგან გამოსულმა. მომიყვანეს ცხენი და, რა უზანგში ფეხი შევდგი, სალდათი ხელახლად მომიახლოვდა. - ორს ბატკანს მაინც მისცემდით?.. მე შევეხვეწები, რომ გაგიშვას. გესმით! .. ვიღაც, ვინ იცის საიდგან მოხეტებული, შეეხვეწება ისეთსავე მოხეტებულს, რომ მშვიდობიანი კაცი, საქმეზედ მიმავალი, რომელსაც ყველა საჭირო ქაღალდები მზადა აქვს, სახელმწიფო გზაზედ გამიშვას! ღმერთო ჩემო! სადა ვარ? ვფიქრობდი იმ წუთში და ანგარიში ვერ მიმეცა ჩემს თავისთვის. - მაი, მივცეთ მაგ ძაღლებსა და აქ ნუღარ მოვგვიანდებით? - მითხრა სვიმონამ. - არას დროს! - ვუპასუხე და დავუმატე: - ერთხელ მაინც უნდათ გაჩვევა მაგ მცარცველებს! სვიმონამ ჩაიცინა და მიპასუხა: - ბარემ, თუ კი გაეჩვევიან. - მაშ რას იქმენ, როდესაც საყვედური მოუვათ? - ზასტავის უფროსად სულ ხომ ეგ ღიპიანი არ იქნების? სანამ დავბრუნდებით, ცხო მოვა და ისიც ეგრე მოიქცევა! - შენ რომ ყური გიგდოს კაცმა, ქვეყანა სულ ავაზაკებით არის გავსებული! - წარმოვსთქვი უკმაყოფილოდ. - არა, ავაზაკებით კი არა და, უსამართლობა კი არის... მაგრამ, აი რაი გითხრა: თუ არ დაგიშლია, აი წყალზედ გავიდეთ და გზას სულ ავცდებით. - რას უბნობ, ბიჭავ! - გაერია ჩვეს ლაპარაკში მეორე მწყემსი: - შარშან ზდეზედ ავედით, ჯარიახზედ გავიარეთ და ისე ჩავედით ძაუგს, რომ სახემწიფო გზა თვალითაც არ გვინახავს, მაგრამ იქ კი ყაზახები დაგვწიეს და დამატებით წაგვართვეს. - როგორ?.. სახელმწიფო გზაზედ სულ არ გაგივლიათ და ფული ისე გამოგართვესთ? - ვკითხე გაშტერებით. - ისე, სპარს-ანგელოზის მადლმა. მე ეს არ მჯეროდა იმ ხანამდინ, სანამ შემდეგმა მაგალითებმა არ დამარწმუნეს. გულით მინდოდა სვიმონას რჩევა მიმეღო და ამ უსამართლობაშიაც დავრწმუნებულიყავ, მაგრამ სამწუხაროდ ხალხისაგან გაკეთებული ხიდი იქაურს ინჟენერს ნ. ჩაენგრევინებინა და წყალი კი გასასვლელად მეტად დიდი იყო. ამისთვის ისევ ვლადიკავკავისკენ გავემართე, როდესაც ბალთას გრიალი მოიტანა გამალებულმა კალიასკამ, რომლიდგანაც გადმოხტა ბ. დელაკრუა. მე მივედი იმასთან, ავუხსენ ჩემი გაჭირვება, რომლისთვისაც დასტუქსა ზასტავის უფროსი და სხვათა შორის უთხრა: - მოწყალეო ხელმწიფევ, გარჩევა უნდა იცოდეთ, გარჩევა! .. ყველა ხომ ერთი არ არის? მე გარჩევას კი არა, სამართალს ვითხოვდი და ამისთვის ვუთხარ: - ბატონო პოლკოვნიკო! მე გარჩევას და ჩემს პირად შემწეობას კი არ ვითხოვ, მე მინდა კანონიერად მომექცნენ. - თქვენც ახირებული ხართ, - მივიღე პასუხად: - თქვენ და უბრალო გლეხუჭებს ერთგვარად ხომ ვერ მოვექცევით? - ამ შემთხვევაში, ვგონებ, განურჩევლად უნდა მოგვექცეთ... კანონისთვის ერთი უნდა ვიყვნეთ. - ილაპარაკეთ, რამდენიც გინდათ, ეგ თავის დღეში არ მოხდება! - ჩაიქნია თავი. ჩვენი ლაპარაკი კიდევ შორს გაგრძელდა და გათავდა იმით, რომ ზასტავის ხარჯი სრულიად არ გამოგვართვეს, თუმცა ყოველი ღონისძიებით ვცდილობდი კანონიერად მომქცეოდნენ. გავცდით ამ ადგილსაც და ჩავედით ძაუგის მინდორზედ, სადაც ქალაქის საძოვრების მოიჯარადრეებთან უნდა გვქონოდა საქმე. VI თვალ-წინ გაგვეშალა ფუთხუზის ფართო მინდორი, რომლის ბოლოშიც ბურუსსავით თეთრი კვამლი იდგა. ეს გახლდათ ძაუგი, რუსებისგან ვლადიკავკაზად გადანათლული. ცხვარი ორის დღის მარხულობის და წვალების შემდეგ „გაწამდა" მსუქან და ნოყიერ ბალახზედ. მწყემსებმა თავისუფლად ამოისუნთქეს, რადგანაც ძაუგს იქით, თუმცა გაჭირვება და ძალა არ მოშორდებოდათ, ბიჯის-ბიჯ სდევდათ, მაგრამ მთის მწყემსებიც „დედაის ვაჟნი იყვნენ", ისინიც მოახერხებენ წესიერად დახვედრას. როდესაც კაცს ტრიალი მინდორი, ანუ უდაბური ტყე ახლო აქვს, როდესაც სათავეში აქაფებული და გაცოფებული თერგი, მინდვრად ჩასული, ფართოდ იშლება და ბუტბუტით წყნარად, მაგრამ მძლავრად მიჰქანავს, კაცს თვითონ მდებარება, ბუნება აგონებს - რა დროს როგორ მოიქცეს, რა ჰქნას. ვლადიკავკავის მახლობლად მოგვეგებნენ რამდენიმე ცხენოსანი, რომელნიც შემოგველაპარაკნენ. - ვისია ცხვარი? - ჩვენია, - უპასუხა მწყემსმა. - უფროსად ვინა გყავსთ? - იკითხეს იმათვე. - აგერ, - გამოიშვირა მწყემსმა ჩემკენ ხელი. ცხენოსნები მოვიდნენ და გამომიცხადეს, რომ დღე-ღამეში ცხვარზედ კაპეიკი უნდა ვაძლიოთ საძოვრის ფასი და მკითხეს - რამდენს დღეს მოვატრიალებთ ამ ადგილებში ცხვარს. ჩვენ წინადვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ადგილებში სამი დღე მოგვეგვიანა, რადგანაც რვა თვე მინდვრად და ველად უნდა გვეხეტიალნა და იმისთვის რაოდენიმე მომზადება კიდევ გვჭირდებოდა. მაგალითად, საქალამნე ტყავების ყიდვა, პერანგებისა, ჭედილების გაყიდვა და სხვა. მე მომცეს რაღაცა ქაღალდი, რომელზედაც ჩვენი მისვლის დღე უნდა ყოფილიყო დანიშნული, და მითხრეს: - ეს ქაღალდი იმისთვის არის, რომ თქვენი მოსვლის დღე არ დაგავიწყდეთ. ჩვენ ქალაქის მოიჯარადრენი ვართ. გამოვართვი ქაღალდი და დავხედე. ჩვენ მივედით ექვს სეკტემბერს და წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ქაღალდში პირველი სეკტემბერი ამოვიკითხე! - თქვენ შეგცდომიათ, - ვუთხარ, - დღეს ექვსი სეკტემბერია და ქაღალდში კი პირველი დაგინიშნავსთ. - აბა სად არის, - მიპასუხა ერთმა და ცხენიდგან გადმოიხარა ისე, რომ ტუჩები ჩემ ყურთან მოიტანა. - რა გენაღვლება, ერთს თუმანს შენ მოგცემთ. პირველში გამიკვირდა იმის სიტყვები, რადგანაც ვერ გამეგო, რაში უნდა მოეცა ერთი თუმანი, მაგრამ მალე მივხვდი „მებალახის" სიტყვების აზრს. აქაც უკაცური და შეუბრალებელი გაცარცვა მოელოდდა საცოდავ მწყემსებს! საქმე რომ უფრო გამოგიაშკარავოთ, თუ როგორ ხდებოდა ამგვარად მწყემსების ცარცვა, უნდა შეგატყობინოთ, რომ მთის ხალხი რუსულად არა ლაპარაკობს და ამგვარს მგზავრობაში კი ყოველ ნაბიჯზედ რუსები ხვდებიან, იმათთან უნდებათ ვაჭრობა და ლაპარაკი. ამისთვის მწყემსები ქირაობენ რუსული ენის მცოდნეს, რომელმაც მგზავრობაში უნდა უთოლმაჯოს. რასაკვირველია, რუსულის მცოდნენი უფრო ხშირად იმ გარყვნილებთაგანი შეხვდებიან ხოლმე, რომელნიც ინჟენრებთან, აფიცრებთან ღა სხვა მოხელე ხალხთან გდებით გარყვნილან, უსწავლიათ „შალთაი-ბალთაი", დაუკარგავსთ ნამუსი და სვინიდისი და თუმნად კი არა, მანეთისთვისაც კი არ დაზოგვენ თავიანთ მოძმეს-დამქირავებელს. - შენ შეგცდა, ჩემო ძმობილო! - ვუპასუხე მე: - დღეღამეში ცხვარზედ ერთი კაპეიკი, ათას სულ ცხვარზედ თუმანს შეადგენს და ხუთ ღამეში ხუთს თუმანს, მე კი ათასს სულ ცხვარზედ მეტი მყავს. - შენ ცხვარზედ არას ავიღებთ, სხვა რაღა გინდა? - კიდევ წამჩურჩულა. - ღმერთი არა გაქვს, შე რუსულად მონათლულო, შენა? - დაუძახა სვიმონამ ჩემთან მოლაპარაკეს: - რაიც გერგება, აიღე, მეტს რაისთვისღა ითხოვ? - დაიკარგე, შენ რა იცი? ვის ელაპარაკები? - დაუყვირა ცხენოსანმა. - ემანდ გაჩუმდი, ღთის მადლმა, - უპასუხა მეორე მწყემსმა, რომელიც იქ მოვიდა, - გაჩუმდი-მეთქი, თორემ მალე მტერი მამიკვდეს, მალე ცხენიდგან გადმოგიღო... შენც ხომ ყაზახი არა ხარ?.. ცხენოსანმა შეჰბღვირა, გადმოაფურთხა, გააბრუნა ცხენი და წყნარად გაემართა ძაუგისაკენ, სვიმონა კი მომიახლოვდა და მითხრა: - ჩქარა კი იკადრა გაბრუნება. - შარშანდელი ახსოვს, და, - დაუმატა მეორე მწყემსმა. - რა იყო? - ვკითხე მე. - შარშან ერთი თოლმაჯი მყვანდა, მებალახეს იმასთან შეეკრა პირი და ექვსი დღისა კი მეტი წაგვართვეს... - მერე, არ იჩივლეთ? - ვკითხე მე. - ვიჩივლეთ, - ჩაცინებით წამოიძახა მწყემსმა. - ჰაი, ჰაი, რო ვიჩივლეთ. - მერე? - მერე და ჩვენ სამი დღე დაგვამწყვდიეს სატუსაღოში და ამ სამი დღის ფულიც წაგვართვეს, რადგანაც ამხანაგებმა თავი ვერ დაგვანებეს და ცხვარიც იქა ტრიალებდა. - მეტი დღეებისაც წაგართვესთ? - ჰაი, ჰაი, რო წაგვართვეს! სამართალს ვინ მოგვცემდა? - კაცო, ან მოწმები არა გყვანდათ, ან მნახველი? - გამიკვირდა. - რაი მოწმები, შენი ჭირიმე, თავად მოგვცეს ქაღალდი, გვითხრეს: თქვენი მოსვლის დღე არის დანიშნულიო. ჩვენ კითხვა არ ვიცოდით, იმათ კი ექვსი დღე მეტი ჩაეწერათ... როცა სამართალში მივედით, ბარათი წარვუდგინეთ და ამ ქაღალდმა კი ჩვენ გაგვამტყუნა. - თუნდა მნახველი ყოფილიყო, ვინ მოვიდოდა?.. - დაუმატა სვიმონამ. - რატომ? - შენი ჭირიმე, აუტკივარს თავს ვინ აიტკივებდა?.. იმათაც დაიჭერდნენ, ცხო რაი იქნებოდა. - არა, რად დაიჭერდნენ, მოწმების დაჭერა გაგონილა? - შენისთანა ბედნიერს კაცს, კაციც ეწევა და ღმერთიც, - მიპასუხა იმავე მწყემსმა და ოხვრით დაუმატა: - მაგრამ ჩვენისთანა ბედშავისათვის სადაა სამართალი?.. თუ ხვთიანი კაცი შეგხვდა, იქნება შეიბრალოს ჩვენი ბედშაობა, თორემ სამართალს ტყუილად მონახავს მოხევე კაცი: სადაც წავა, ყველგან მტყუანია. - ენა მაინც ვიცოდეთ, კიდევ იქნება გაგვეგონებინა რამე, - დაუმატა სვიმონამ, - თორემ ისინი თავისთვის ლაპარაკობენ, ჩვენ ჩვენთვის, მოვაწყენთ ერთურთს თავსა, დაგვიბრახუნებენ ფეხებს და გამოგვრეკენ. ვინაა პატრონი? ჩვენ ამ ლაპარაკით მოვშორდით ცხვარს და ჩავედით ბინაში, სადაც ტანისამოსის გამოცვლა მინდოდა, რადგანაც ძაუგს ვემგზავრებოდი. იქ მინდოდა მენახა ზოგიერთი იმ დროის მმართველები და შემეტყობინა ის უწესოება და არეულობა, რომელიც იმათ სამფლობელოში ხდებოდა. მე დარწმუნებული ვიყავ, რა იმათ ყურამდინ ეს უწესოება მიაღწევდა, ყველანი ყურადღებას მიაქცევდნენ, შესცვლიდნენ ხალხისთვის სამწუხარო და მმართველობისთვის არა სასარგებლო წყობილებას, - მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ჩემი სიტყვები დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ჩემი სიტყვები დიდხანს ამკობდნენ ძაუგის არისტოკრატთ სასტუმროებს და ერთი მეორეს ღიმილით გადასცემდა იმ შემთხვევაზედ, თუ ღენერალის შვილს როგორ აეღო ჯოხი ხელში და ცხვრებს დასდევდა! .. სამის დღის შემდეგ ჩვენ გავცდით ვლადიკავკაზს და პირველსავე შემთხვევაზედ მოგვივიდა ჩხუბი სტანიცა სუნჟის ყაზახებთან. მიზეზი ჩხუბის იყო გზა, რომელსაც ყაზახები არ გვანებებდნენ და კანონი კი ნებას გვაძლევდა უსასყიდლოდ გზის აქეთ-იქით ოცდაათი საჟენი გვესარგებლა. კანონი გვაძლევდა მაგ ნებას, მაგრამ რა არის კანონი და იმის დებულება ისეთი ხალხის ხელში, როგორც არიან საერთოდა და გამოურიცხავად რუსის უსამართლონი, უსვინდისო, უგუნური და შარზედ აგებული ყაზახები; ყოველთვის ისე სწყვეტენ საქმეს, როგორც თითონ უნდათ, გონება უჭრისთ, და მწყემსი კი ვერ აიცდენს იმათ სამართალს, რადგანაც, როგორც გამვლელი ხალხი, სხვა ადგილს ვერ მიმართავს და უკან სადევნელადაც არა სცალიანთ. ამისთვის ან თითონაც უკანონობა უნდა იხმარონ და ძალით დაიცვან თავიანთი თავი, ან არა და დამორჩილდნენ და რამდენიმე თუმანი მეტი დახარჯონ. ამისთანა სტანიცები კი გზაზედ ურიცხვი უძევსთ. ჩვენ ვირჩიეთ პირველი საშუალება და ძალით გავიარეთ ის ადგილები, სადაც კანონი, ანუ, უკეთ ვთქვათ, კანონიერი დებულება უსასყიდლოდ გავლის ნებას გვაძლევდა და ყაზახების შარიანობა კი წინ გვეღობებოდა. VII მთელი ჩვენი მოგზაურობა მინდორზედ, ვიდრე ბრაგუნს გავიდოდით, ერთგვარად მიდიოდა. ყაზახების ურიცხვი სტანიცების ადგილებზედ ისე არ გაგვივლია, რომ შარი არ მოედოსთ და ჩხუბი არ აეტეხათ, მაგრამ მწყემსები სიმარდემ უფრო მეტად დაგვაკავშირა ერთმანეთს და ზურგი გაგვიმაგრა. თუ საჭიროება მოითხოვდა ხოლმე, ბრძოლით და ჩხუბით ვიკვალავდით გზას, რომელიც სიმართლით ჩვენთვის თავისუფალი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ მაშინ გავიგე, რა მდგომარეობამაც ათქმევინა ჩვენს მწყემსებს, „ღმერთო, გვარიდე რუსის შარს", რადგანაც მშვიდობიანობის დამცველი ყაზახები უშფოთოდ და შარმოუკიდებლად ფეხს არ გვადგმევინებდნენ. მაგრამ რა განსხვავება იყო იმათ და ჩეჩენთ სოფლებ შუა, რომელთ ავკაცობაც, შეუბრალებელი გარეგნული ხასიათი ბავშვობიდგანვე ყურში გვქონდა ჩაწვეთებული! ესენი დაგვიხვდებოდნენ თუ არა, ზრდილობიანად სოფლის ბოლოს მოგვესალმებოდნენ, თითქოს დიდი ნაცნობები არიანო, აიღებდნენ ხელში წკეპლებს და გვშველოდნენ სოფლის გაცილებას. ღიმილით და მზრუნველიანად გვკითხავდნენ ჩვენს მოსავალზედ, მშვიდობიანობაზედ და საზოგადოდ „გურჯეთის ხაბარზედ", რომლის შეტყობა ისე უნდოდათ. ხალხში აშკარადა სცოცხლობდა ამ ხალხთან მეზობლობის რწმუნება, უყურებდა გურჯებს როგორც რაღაც მოძრავს ძალად, რომლის ბედიღბალიც თითქოს ენათესავებოდა ამ სიკეთით სავსე ხალხის ცხოვრებას. თქვენ ვერა ნახავდით ჩეჩნის სოფლებში ისეთ გალექებულს დამთვრალს ხალხს, როგორც რუსის ყაზახებს, რომელიც დილით საღამომდე დღეს ატარებდნენ დუქნებში, სადაც ყაზახები არამც თუ თავიანთ საცხოვრებელს ჰღუპავენ, არამედ ჰყიდიან თავის ტანისამოსს და ბევრჯერ ცოლებსა და ქალებსაც კი აშიშვლებენ და თავის გაღორებულს მუცელს აკმაყოფილებენ. თქვენ ვერა ნახავდით ჩეჩენში ქალებს, რომლებიც აშკარა გარყვნილი ღიმილით, შეხუმრებით და ნიშნებით შეგიწვევდნენ სახლში; ვერა ნახავდით არამც თუ დამთვრალს დედაკაცს, არამედ ნასვამსაც, როდესაც რუსის დედაკაცები, ბევრჯერ ხანში შესულებიც, გალაჯული დგანან დუქნის კარებში, გადაჭარბებულს „ვოტკას" არწყევენ და გონება-დაკარგულნი, რაღასაც ლუღლუღებენ. ბევრჯერ იქვე გვერდით უდგასთ რუსის ყაზახები, რომლებიც ან გულგრილად, ან სიამოვნების ღიმილით უყურებენ ამ შესაზარს, სამარცხვინო სურათს, რადგან მოელიან იმათთან სასიამოვნო დროსგატარებას. ისინი იგინებიან, ილანძღებიან უშვერის პირით, ათრევენ ერთმანეთს თმებით, მაგრამ ყაზახებზედ ამას არავითარი მოქმედება არა აქვს, თითქოს ეს ასე უნდა იყოს, თითქო იმათი ცხოვრება მიდიოდეს წესიერს, ადამიანის საკადრის კვალობაზედ. ბევრჯერ შემხვედრია ასეთი სურათი: როდესაც ჩეჩენს გაუვლია ყაზახების დუქნის წინ და, რა დაუნახავს შესაზარებელი სურათი: დედა-კაცისაგან დაკარგვა ნამუსისა, პატიოსნებისა და ადამიანის დანიშნულებისა, - გაუთლელს ჩეჩენს, როგორც ისინი ჩვენა გვგონია, პირი მოურიდებია, ზიზღით გადაუფურთხებია და თვალების ცისკენ მიქცევით წამოუძახნია: იალაჰ! მაგრამ ეს „იალაჰ" უნდა გაგეგონათ, რა ხმით წარმოუთქვამს იმას, რომ გაგეგოთ, რამდენად აღელვებულა გაურყვნელი ბუნება ამ კაცობა-დაკარგულის სურათის ნახვით... ჩვენი მგზავრობა, ვიდრე ადგილზედ ჩავიდოდით, გაგრძელდა სწორედ ხუთი კვირა, წყნარი და ზოზინით სიარულითა. ამ ხნის განმავლობაში ორი დღე ზედიზედ მზე არ გვინახავს, რადგანაც არაჩვეულებრივი წვიმა განუწყვეტლივ თავს გვესხმოდა. წარმოიდგინეთ, რა სიხარულით მივაღწიეთ გროზნას, სადაც იმ ხანში ნაჩალნიკობდა თავადი ნ. ერისთავი, რომელიც მშობლიურის ზრუნვით ეკიდებოდა ამ საცოდავს და დაჩაგრულს ხალხს; მარტო იმას მიაჩნდა ჩეჩნელი ადამიანად, სხვებისთვის კი ეს სახელი გაიგებოდა როგორც ავაზაკი, უეჭველად მტყუანი და ღირსი მათრახისა, გარდახდევინებისა და ბოლოს სარჩობელისა, ან ციმბირისა. გამოვლილმა გზამ დამანახვა, რამდენი ხათაბალა სდევს ჩემგვარს მგზავრს ყაზახებთან შეხვედრის დროს, და მე მინდოდა მეთხოვა ნაჩალნიკისათვის ქაღალდი, რომლითაც სტანიცების მმართველებს შემწეობა მოეცათ წესიერების აღსადგენად იმ ხალხში, რომელიც დაესახლებინათ განათლების გასავრცელებლად. გროზნაში გავხსენი ჩემი ჩამადანი, რომელიც გახვეული იყო ხალიჩაში, ზეიდგან გადაფარებული ნაბადი ჰქონდა, მაგრამ ავდარი შიგ გავარდნოდა და ტანისამოსი მთლად დასველებულიყო. აქედგან დაინახავთ, რა საშინელება უნდა გამოგვევლო გზაში და რამდენად დამეტებით შეგვაწუხებდა ყაზახებთან ვაივაგლახი. მე მივიღე სასურველი ქაღალდი, რომლითაც ეცხადებოდა სტანიცების ატამანებს, რომ კანონიერი შემწეობა მოეცათ ჩვენთვის და ამ ქაღალდის ძალით დანარჩენ მგზავრობაში ისე აღარავის შეუწუხებივართ, როგორც იქამდინ. ბრაგუნის მახლობლად მახან-იურტის სტანიცის ადგილი, რომელიც ჩვენ გვქონდა დაქირავებული, შეადგენდა მდიდარს საძოვარს, შემკულს ველ-ტყიანებით და წყლით. თივა და ჯერი იაფად ისყიდება ჩეჩნების სოფლებში, რომლებიც გარს შემოხვეული აქვს ამ ადგილს და სადაც ისე ხშირად დავდიოდი ხალხის და ჩვეულების გასაცნობლად, რომელიც მაკვირვებდა და მაოცებდა. ეს მგზავრობა გათავდა ფარეხების შენებით, რომელიც მნახველს გააკვირვებს, ნამეტურ მწყემსებისგან შრომის გაწევა და მოუღალავობა. წარმოიდგინეთ მთელი სოფელი, ეზოებით, ბაკებით და ფარეხებით, რომლის გვერდებიც კეთდება ორპირის წნულით და შუა ადგილები იჭედება მიწით და დრებლით. ყოველ დღე შეუწყვეტელი მუშაობა, იქვე ტყეში ცულების კაკუნი და მწყემსების ხუმრობა, სიმღერა და შაირობა რაოდენადმე ართობდა კაცს. ეს მოძრავი მხიარულება, რაკი ფარეხები გათავდა, შეიცვალა ერთსგვარს მუშაობად, რომელიც ყოველ დღესვე შეუცვლელად მეორდებოდა: დილით ადრიან ცხვრის საძოვარზედ გარეკვა, საღამოზედ მორეკვა და დაბინავება ფარეხში. ათასში ერთხელ ცხვრის საძოვრად გამრეკი მწყემსი მიჯნაზედ თუ შეხვდებოდა მეორე სასარქლე მწყემსს. ისინი დასხდებოდნენ და ერთმანეთს გაუშლიდნენ გულს, უამბობდნენ თავიანთ თავგადასავალს და ამით ატარებდნენ დროს. ხანდისხან ღამის სიმშვიდე დაირღვეოდა ჩეჩნების მოტაცებულის ცხენების ბრაგი-ბრუგით და მდევრის თოფის სროლით, თორემ ცვლილებას ვერასა ნახავდით. მაგრამ კიდევ ერთი დროს გატარება დამავიწყდა, რომელიც მე ისე გამართობდა ხოლმე და დროს მატარებინებდა: ეს გახლდათ ზღაპრები, ამბები, რომელიმე სახელგანთქმული მწყემსის ან ყაჩაღის ცხოვრებიდგან და სხვადასხვა ლეგენდური მოთხრობანი. აქ ვწყვეტავ ამ წერილებს, რადგანაც, რაც ვნახე და გავიგონე, როგორც ეს ყველა ჩავისმინე და გავიგე, გადავწყვიტე მოთხრობებად გადმოგცეთ და გაგაცნოთ იმ ხალხის ჩვეულება, ხასიათი და წესები, რომელიც ან საქართველოს ნაწილს შეადგენს, ან არა და, იმის აუცილებელს დამოყვრებულს მეზობლებს, რომლებთანაც უფრო მკვიდრი კავშირი არ აგვცდება მომავალში. სერი - ყურის წვერზედ ნიშანი. ყველა ცხვრის პატრონს თავისი ნიშანი აქვს. მშრალი - ცხვარი, რომელიც არ იწველება. ნამგალა - ამხანაგი. ბინას ეძახიან ყველა იმ ადგილს, სადაც ღამე ცხვარს აყენებენ ზაფხულის განმავლობაში. ბევრჯერ, თვეში რვაჯერ იცვლება ამგვარი ბინა. თეო-ფარის განაპირებით. სარქალი - მწყემსი პირველი ანუ მოთავე. ჯერი- ფქვილი, საჭმელი. ჯერ ცხვარი მიდის, ამზადებენ ფარეხებს, და მერე მხვილ-ფეხი საქონელი. სმური - პურის ჭამის დროს თასს მიუტანენ და ლექსით შესხმას ეტყვიან. ალტამებს ეძახიან სიმინდის ცომს, პატარა კუპატებად მოხარშულს. გზის ხარჯი ცხვარზედ იმისდა მიხედვით, თუ რომელი ხევის სოფლიდგან მოდის, 12 კაპეიკიდგან 18 კაპეიკამდინ არის დადებული. რამდენიმე მწყემსები გადასულიყვნენ სამებაზედ, სოფლის ადგილებში გასავლელად ერთი თუმანი მისცეს და გზის ხარჯი მაინც წაართვეს. მაგისთანავე მაგალითები ანანურის ზასტავაზედ მოხდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |