13:26 დანტე ალიგიერი (ასევე ციტატები) | |
დანტე ალიგიერი შუა საკუნეთა ბნელეთისა და რენესანსის გარიჟრაჟზე ქვეყანას მოევლინა გენიალური პოეტი დანტე ალიგიერი, რომელმაც კაცობრიობას აჩუქა უკვდავი პოეტური და ფილოსოფოსური ტრაქტატი ”ღვთაებრივი კომედია”. დანტეს ცხოვრების დეტალები მისი შემდგომი თაობებისთვის უცნობია. ჩვენამდე მოაღწია მისი სახელოვანი თანამედროვის, ცნობილი რომანის ”დეკამერონის” ავტორის - ჯოვანი ბოკაჩოს მიერ დაწერილმა დიდი პოეტის ”ბიოგრაფიამ”. ამ ნაწარმოებიდან ვიგებთ მიახლოვებით დანტე ალიგიერის ცხოვრების წლებს, რომ იგი დაიბადა 1265 წლის 29მაისს და გარდაიცვალა 1321წელს. ეს არ არის ბიოგრაფია მისი პირდაპირი გაგებით. მასში ჭარბობს პოეტი და ამიტომაც ”რომანი დანტეზე”, უფრო მეტად, მისი გმირის ფანტასტიკურ სახეს წარმოგვიდგენს, ვიდრე რეალურს. ჩვენთვის არაფერია ცნობილი დანტეს მშობლების შესახებ. ვიცით მხოლოდ, რომ მის პოეტურ შთაგონებას მთელი სიცოცხლის მანძილზე ასაზრდოვებდა სახე უცნობი ქალიშვილისა, რომელსაც პოეტი ბეატრიჩეს უწოდებს. დანტე გველფების საგვარეულოდან იყო. იმ გველფებისა, რომელმაც მის მოსისხლე გვართან - გიბელინებთან ერთად, მსგავსი სისხლისღვრისა და დაპირისპირების მაგალითით შთააგონა სწორუპოვარი შექსპირი, შემდეგში შეექმნა ცნობილი ტრაგედია ”რომეო და ჯულიეტა”. როგორც უკვე ავღნიშნეთ , დანტეს პოეტურ შთაგონებას უხვად ასაზრდოვებდა ნაზი ქალწულის - ბეატრიჩეს ნათელი სახე. ბოკაჩო წერს : ” იმ დროს, როცა მადლიანი ზეცა კვლავ ფარავს მიწას სამკაულით და აძლევს მას მხიარულ სახეს აფერადებული ყვავილებით და მწვანე ფოთლებით, ჩვენს ქალაქში, ფლორენციაში, დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით, ყველა იმყოფებოდა ჯგუფებად და ქალაქის თავიანთ ნაწილში ემზადებოდა საზეიმო დღესასწაულისათვის”. ერთ-ერთ ასეთ დღესასწაულზე ფოლკო პორტინარიმ პირველ მაისს, მეგობრულ ლხინზე მიიპატიჟა მეზობლები. სტუმართა შორის, მშობლებთან ერთად, იმყოფებოდა ყმაწვილი დანტე ალიგიერიც. დანტემ მოთამაშე ბავშვებს შორის იხილა ფალკოს 8წლის გოგონა - ბიჩე, რომლის სიკეთით გაცისკროვნებულმა მშვენიერმა სახემ წარუშლელი კვალი დატოვა მომავალი პოეტის გულში. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა დანტეს, როგორც პოეტური აზრის შთამაგონებელი მუზა. მრავლის მთქმელია ცნობილი ფლორენციელი პოეტის გვიდო კავალკანტის დამოკიდებულება პოეზიის ვარსკვლავის დანტე ალიგიერისადმი. მან იცნო ახალგაზრდა პოეტში ის, ვისაც წილად ხვდა მისია, საბოლოო გამარჯვება მოეტანა ახალი იდეალებისათვის. ახლა თვით პოემა ”ღვთაებრივი კომედიის” შესახებ. სიტყვა ”კომედია”, იმდროინდელი თვალსაზრისით, ნიშნავს ამბავს, რომელიც ბედნიერებით მთავრდება. ნაწარმოები სამი ნაწილისაგან შედგება . მისი მთავარი ნაწილია ”ჯოჯოხეთი”, რომელსაც მოსდევს ”სალხინებელი” და ”სამოთხე”. პოემა ალეგორიული ხასიათისაა და მასში მთავარი ადგილი უჭირავს ეპოქის რელიგიურ-მორალურ შეხედულებებს. დანტეს წარმოდგენით, ჯოჯოხეთი მიწის სიღრმისკენ მიმართულ ძაბრს მოგვაგონებს. ეს ძაბრი ცხრა წრედ არის დაყოფილი. ამ წრეებში ცოდვილთა სულები იტანჯებიან. რაც უფრო მძიმეა ცოდვა, მით უფრო ღრმა და ვიწრო წრეში იტანჯება მისი ჩამდენი. მიწის ცენტრში , იქ, სადაც თავდება ჯოჯოხეთი, იმყოფება საშინელი ურჩხული - ლუციფერი, რომელიც ასევე საშინელი სამი პირით გლეჯს სამ უდიდეს ცოდვილს: იუდას, ბრუტესსა და კასიუსს. ჯოჯოხეთი ვიწრო ბილიკით გადის დედამიწის სფეროს მეორე მხარეს, რომელიც უკაცრიელია და დაფარულია ოკეანით. ოკეანის შუაგულში აღმართულია მთა, რომლის მწვერვალსაც თავზე გვირგვინად ადგას შვიდი სფერო. ეს არის ”სალხინებელი”. თითეულ წრეში სული ინანიებს თითო ცოდვას და, ამგვარად, მეშვიდე წრის შემდეგ, ხდება სრულიად უცოდველი. ამის შემდეგ იგი ტოვებს ცოდვილ მიწიერ ცხოვრებას და განაგრძობს მოგზაურობას ცხრა ციურ სფეროზე, რომელიც გარს აკრავს ჩვენს პლანეტას. რაც უფრო მაღალია სფერო მით უფრო სრულყოფილია მასზე ცხოვრებათა ნეტარება. ბოლოს სული აღწევს მეათე სფეროს -ემპირს, სადაც იგი მიეახლება უზენაესს. როგორც ფიქრობენ, დანტეს ამ ნაწარმოების შექმნის იდეა ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში, უფრო ზუსტად , ფალკო პორტინარის ოჯახში სტუმრობის დროს დაებადა, მას შემდეგ, რაც იხილა თავისი პოეტური შთაგონების წყარო - პატარა მშვენიერი ბეატრიჩე. პოემის წერა მან ფლორენციაში დაიწყო და დაამთავრა რავენაში- გვიდო ნოველო დე პოლენტის ოჯახში ცხოვრების პერიოდში. პოემა იწყება ეპიზოდით როცა ავტორი, ძილმორეული, შედის უღრან ტყეში. აქ პოეტი იხილავს მაღლობს, რომლის მწვერვალი განათებულია მზის სხივებით. პოეტს სურს მწვერვალზე ასვლა, მაგრამ წინ გადაეღობება სამი საშინელი მხეცი: ჯიქი, ლომი და ძუ მგელი. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ალიგიერს მხსნელად მოევლინება დიდი რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი - ვერგილიუსი. იგი დანტეს სთავაზობს, გაჰყვეს მას. დანტე, დიდი ყოყმანის შემდეგ, გაჰყვება ვერგილიუსს, რომელიც მას მიაცილებს სამოთხის კარამდე. სამოთხეში შესვლის უფლება ვერგილიუსს, როგორც წარმართს, არ აქვს, ამიტომ დანტეს მეგზურობას უწევს ბეატრიჩე, როგორც აღმოჩნდა, ბეატრიჩეს ვერგილიუსისათვის დაუვალებია წინა სფეროებსა და სარტყელებში მეგზურად გაყოლა. წარწერა ჯოჯოხეთის შესასვლელთან: შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |