მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » იმანუელ კანტი (ასევე ციტატები)
18:34
იმანუელ კანტი (ასევე ციტატები)
იმანუელ კანტი დაიბადა 1724 წლის 24 აპრილს.

კანტის ფილოსოფიური საქმიანობა ორ პერიოდად იყოფა: წინაკრიტიკულ (1770 წლამდე) და კრიტიკულ პერიოდებად. თავდაპირველად კანტი ფიზიკისა და ასტრონომიის ზოგადი პრინციპებით დაინტერესდა. ნიუტონით გატაცებულმა მისი გავლენით ჩამოააყალიბა ცნობილი ჰიპოთეზა პრიმიტიული ნისლოვანებიდან სამყაროთა ჩამოყალიბების შესახებ. შემდგომ ლაპლასის მიერ გავრცობილი ეს ჰიპოთეზა კანტ-ლაპლასის ჰიპოთეზის სახელით არის ცნობილი და შესულია კანტის 1755 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ბუნების უნივერსალური ისტორია და ცათა თეორია". ამ პერიოდში კანტი ვოლფის რაციონალისტურ ფილოსოფიას იზიარებს და დიდ იმედებს ამყარებს ადამიანის გონების შესაძლებლობაზე, ჩასწვდეს რეალობას (დოგმატიზმი).

კანტის აზროვნების კრიტიკული მიმართულება იწყება 1770 წელს შექმნილი შრომით de mundi sensibilis atque intelligibilis forma et principiis. კანტის მთავარ შრომად „წმინდა გონების კრიტიკა" ითვლება, რომელიც 1781 წელს გამოქვეყნდა და 11 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგს წარმოადგენს. შრომა ადამიანის ცოდნის შესაძლებლობებსა და საზღვრებს ეხება.

თავისი შედევრის, ამ ღრმა, მაგრამ ბუნდოვანი ნაშრომის, შედეგების წვდომის გასაადვილებლად კანტი 1783 წელს აქვეყნებს ნაშრომს „პროლეგომენები ნებისმიერი მომავალი მეტაფიზიკისათვის".კანტის შემდგომ თანამედროვე ფილოსოფიაში მიმართულებები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: ესაა იდეალიზმი, სპირიტუალიზმი და პოზიტივიზმი. იდეალიზმს ზოგადად ახასიათებს სულის შემოქმედებითობის, ანუ შემოქმედი ტრანსცენდენტალურობის კანტისეული პრინციპის განვითარება, ამ მხრივ იდეალიზმი გერმანულ რომანტიზმს ეთანხმება. სპირიტუალიზმი, მიუხედავად კანტის ცალკეულ მიგნებათა გამოყენებისა, კანტიანელობას უპირისპირებს თეორიულ დოქტრინას, რომელიც სასრულ რეალობაზე ამაღლებულ უმაღლეს ტრანსცენდენტალურ სულსა და მრავალ სასრულ სულს ამკვიდრებს. პოზიტივიზმი ემპირისტულ ტრადიციას ემხრობა და თანამედროვე მეცნიერების პროგრესს იყენებს, მაგრამ, ამასთან იღებს და ავითარებს გამოცდილების, როგორც კონსტატაციით მიღებული წმინდა ფაქტის, გადაულახაობის კანტისეულ პრინციპს.

ბერლინის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ 1784წ. გამოაქვეყნა მორიგი საპრემიო კითხვა: რა არის განმანათლებლობა? მრავალ პასუხთა შორის იმთავითვე გამოიკვეთა დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, ი. კანტის პოზიცია: განმანათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა არასრულწლოვანებიდან, ანუ გაბედულება სხვისი ზედამხედველობის გარეშე გამოიყენოს საკუთარი გონება, საკუთარი განსჯა და დაუჯეროს მას. იგი გაბედულებაა, რადგან მიღებული დასკვნები, შეიძლება არა მარტო ტრადიციას და არსებულ პოლიტიკას, არამედ, თავად ღმერთის არსებობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. მართლაც განმანათლებელთა შორის მორწმუნეთა გვერდით, ბევრი იყო სკეპტიკოსი, რომელიც ღმერთის არსებობას საეჭვოდ მიიჩნევდა და ათეისტიც, რომელიც „ღმერთის პირადი მტრის" სახელს იმსახურებდა. მაგრამ კანტი არ იყო ათეისტი, თუმცა საეკლესიო რიტუალებს არ ასრულებდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ათეისტი, თუ იგი გულწრფელი იქნება, მივა ღმერთის არსებობის აღიარებამდე, რადგან ეს უადვილებს ადამიანს მის წინაშე მდგარი ურთულესი მსოფლმხედველობრივი პრობლემების გადაჭრას, უნარჩუნებს იმედს, მაგრამ ეს რწმენის სფეროა და იქ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი გზა აირჩიოს, ოღონდ ისე, რომ სხვა ადამიანის უფლებებს და ღირებულებას არ შეეხოს. ყველა ადამიანი შეუცვლელი, თავისთავადი ღირებულების მქონეა.

1788 წელს გამოდის მისი ნაშრომი „პრაქტიკული გონების კრიტიკა", ხოლო 1790 წელს „მსჯელობის უნარის კრიტიკა".

გარდაიცვალა 1804 წლის 12 თებერვალს

ლიტერატურა: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] – [თბ., 2008]


ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!


ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.


მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე- კარგად ორგანიზებული ცხოვრება.


ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია.


ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.


გონება ისეთი უნარია, რომელიც ხედავს კავშირს კერძოსთან.


გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა.


საზღვარი სისულელესა და გონიერებას შორის იმდენად შეუმჩნეველია , რომ თუ ერთ-ერთ გზას დიდხანს ადგახარ , ძნელია ზოგჯერ ოდნავ მაინც მეორესაც არ შეეხო


sapere aude! [გაბედე იცოდე!] იქონიე იმის გამბედაობა, რომ საკუთარი შეგნება გამოიყენო.


ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.


ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.


ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ.


ადამიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია იცინოს. სიცილი არის აფექტი, როცა დაძაბულად რაღაცას მოველით, ხელთ კი არაფერი გვრჩება.


ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.


ფუფუნებასთან მიდრეკილება ყველაზე დიდი ბოროტებაა ადამიანის ცხოვრებაში.


ცნობილი აფორიზმების წაკითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მათი ავტორები ერთმანეთს კარგად იცნობენ.

კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 2177 | დაამატა: joni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
ხელოვნების რომელ დარგს ანიჭებთ უპირატესობას??
სულ პასუხი: 110
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
skype